weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯარისკაცების უკანონო მეთოდებით დასჯის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

17:37 პარასკევი, 23 აპრილი 2021

„ნამდვილად არ მეგონა, რომ მსგავსი რამ ქართულ ჯარშიც სინამდვილეში შეიძლება ყოფილიყო. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს, დაზარალებულებს ვგულისხმობ, სამშობლოს დაცვა მოსთხოვო, როცა თავის მოკვლაზე ფიქრობენ, იმხელა შეურაცხყოფა აქვთ მიყენებული“, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც „იაღლუჯას“ ბაზაზე ჯარისკაცების აკრძალული მეთოდებით დასჯის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილეს.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს – გიორგი ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს აღკვეთის ღონისძების სახით პარიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ. გამოძიების მტკიცებით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ჯარისკაცი აღჭურვა 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით და ამ ეკიპირებით 10-11 საათის განმავლობაში, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ფეხსაცმლისა და კბილის ჯაგრისებით, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, საპირფარეშო ოთახის იატაკი, საპირფარეშოს კარები და ჩარჩოები, უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა.

სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ დანაშაულში მხილებული იყო კიდევ ერთ პირი - მ.ბ., რომელმაც გამოძიების დაწყების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პროკურორმა თქვა, რომ თვითმკვლეობაზე ფიქრობდა ერთ-ერთი დაზარალებული – სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცი.    

„სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები და ჩათვალა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები. აქედან გამომდინარე, მათ შეუფარდა პატიმრობა.

ამ ორივე ბრალდებულის უშუალო ხელმძღვანელი იყო მ.ბ., რომელიც ასევე იმხილება დანაშაულის ჩადენაში, ანუ ერთ-ერთ ეპიზოდში, ერთ-ერთ ბრალდებულთან ჯგუფურად დანაშაულის ჩადენაში, თუმცა დღეის მდგომარეობით, აღნიშნული პირი არის გარდაცვლილი და აქედან გამომდინარე, მის მიმართ ვერ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

ბიჩელაშვილიც და დევდარიანიც მოქმედებდნენ საკუთარი ინიციატივით, თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ჯარისკაცების დასჯის. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც დევდარიანმა და გარდაცვლილმა მ.ბ-მ ერთობლივად დასაჯეს ერთ-ერთი ჯარისკაცი“, – თქვა პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპე საქმეში სხვა პირის ბრალეულობა არ იკვეთება.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულების ადვოკატები აპირებენ წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე მოსამართლის განჩინება ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

გიორგი ბიჩელაშვილი და დიმიტრი დევდარიანი ორი დღის წინ დააკავეს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

 

ამ თემაზე:

„იაღლუჯას“ ბაზაზე აკრძალული მეთოდებით ჯარისკაცების დასჯისთვის 2 პირი დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]