შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცვლებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.
ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, შემთხვევა აბასთუმნის შემოვლით გზის სამშენებლო ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხდარს მათთან კავშირი არ აქვს, თუმცა როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირება „ჯეუ გრუპის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიებს შორის მოხდა, კონფლიქტის მიზეზი კი სავარაუდოდ დაგვიანებული ხელფასი გახდა. ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ იუწყება, რომ თავდამსხმელი მოკლულის მამაკაცისგან მუშებისთვის სახელფასო თანხის მიცემას ითხოვდა.