weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება

11:46 შაბათი, 24 აპრილი 2021

„23 მაისიდან დავიწყებთ აქციებს დედაქალაქში. ეს იქნება განგრძობადი აქციები იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი ყველა მოთხოვნა“, – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მას შემდეგ, რაც მთავრობამ რიონის ხეობის მცველებს წინასწარი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. 

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეს, 16:00 საათზე საპროტესტო აქციების გამართვა იგეგმება სხვადასხვა ქალაქში.

„დღეს, 4 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები იგეგმება, უახლოესი, დღევანდელი გეგმა ეს არის. რაც შეეხება ჩვენს გრძელვადიან გეგმას და აქციის თბილისში გადატანას, ვაანონსებთ უკვე თარიღს – 23 მაისს. მოდის მნიშვნელოვანი დღეები - ვნების კვირა, აღდგომის დღესასწაული, შემდეგ სხვადასხვა თარიღები პარტიული ნიშნით არის დაკავებული და მაქსიმალურად გადავწიეთ ჩვენი ძირითადი, დიდი აქციის ჩატარება დედაქალაქში. მთელი ამ დროის განმავლობაში მოვემზადებით. რა თქმა უნდა, აქაც, სადაც ვართ, პროტესტი ჩვეულებრივად გაგრძელდება, თან მოვემზადებით და 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში.

ნამდვილად არ გვსიამოვნებს ის, რა მიმართულებითაც უნდა წავიდეთ, ანუ ფართომასშტაბიანი აქციების გზით. ჩვენც გვერჩივნა, რომ დიალოგის ფორმატში გადაგვეწყვიტა ეს საკითხები, თუმცა ხელისუფლება ცდილობს, რომ წავიდეს ეს ვექტორი სხვაგან, რეალურად საკითხების შინაარსში არ შევიდეთ და მართლა შინაარსობრივი მსჯელობა არ გაიმართოს ჩენს შორის. ამის მაგალითი იყო ნათია თურნავას გაპარვა იმ შეხვედრიდან. დღევანდელი განცხადებაც ამის მკაფიო მაგალითია, ამიტომ მოგვიწევს, რომ მთელმა ერმა და სრულიად საზოგადოებამ გადავწყვიტოთ ჩვენი სიმრავლით და ერთობით ეს პრობლემა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მთავარი, რასაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თითქმის ექვსი თვეა ითხოვენ, არის ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზთან“ დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, კომპანიისთვის გადაცემული მიწების დაბრუნება და ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე უარის თქმა. 

15 აპრილს, ქუთაისის მერიაში, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან, ლერი ბარნაბიშვილთან, გუბერნატორებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა სამი მოთხოვნა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ. ეს პირობები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ არის ნათქვამი, რომ ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით შეჩერდება. სინამდვილეში, კაშხლის მშენებლობა ჯერ დაწყებული არ ყოფილა და არც შესაბამისი სავალდებულო ნებართვაა გაცემული. მთავრობის დღევანდელი განცხადებით, გაგრძელდება ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. სინამდვილეში, ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები მნიშვნელოვნად აზიანებს რიონის ხეობაში ბუნებას, იჩეხება ათასობით ძირი ხე, გადათხრილია მთები. მთავრობა და კომპანია აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ახალი სამანქანო გზის მშენებლობა, რომელიც, რეალურად, მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ არსებული გზა ნამახვანჰესისთვის დაიტბორება. 

დღევანდელი განცხადებით მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიხსნას პოლიციის დამატებით ბარიერები და შეამციროს ადგილზე სამართალდამცველთა რაოდენობა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტერიტორიაზე დარჩება იმდენი პოლიციელი, რამდენიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, ხოლო საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის დღევანდელი განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს დაავალა მთავრობასა და ინვესტორ კომპანია „ენკას რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულების შესწავლა. მთავრობა აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]