weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი აქციები დღეს 13 ადგილზე გაიმართება

15:10 შაბათი, 24 აპრილი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დაასახელა ის ადგილები, სადაც დღეს, 16:00 საათზე მშვიდობიანი, ერთსაათიანი საპროტესტო აქციები გაიმართება.

როგორც გილეთიანი ამბობს, ეს იქნება გამაფრთხილებელი შეკრებები, რითიც ხელისუფლებას დაანახებენ, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით პროცესებში მთლი ქვეყანაა ჩართული.

შეკრების ადგილებია: ბათუმი (ერას მოედანი), ქობულეთი (ცენტრალური პარკის ტერიტორია), ბოლნისი (ცენტრალური შესასვლელი), რუსთავი (გმირთა მემორიალის სკვერი), ზუგდიდი (მთავარი მოედანი), ფოთი (რუსთაველის რკალი, კოლხი დედის ძეგლთან), წყალტუბო (გასასვლელში მოედანთან), ლენტეხი (რაიონის შესასვლელთან), ყაზბეგი (სტეფანწმინდის მოედანთან), ლანჩხუთი (ჟორდანიას ქუჩა), თერჯოლა (ცენტრი, საკათედრო ტაძართან), რუისი (აგრო ბაზრის მიმდებარედ).

ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქცია გაიმართება სოფელ გუმათშიც და ქუთაისში მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ, იქ მივიდნენ.

„მოგიწოდებთ, თითო საათით ჩვენ ჩვენს სივრცეში შევიკრიბოთ.

ეს იქნება ერთსაათიანი გამაფრთხილებელი შეკრება და კიდევ ერთხელ დავანახებთ ხელისუფლებას, რომ ამ პროცესში მთელი ქვეყანა, მთელი ერია ჩართული და მათ არ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რაც ეხება ჩვენს სახელმწიფო ინტერესს და საერთოდ ინტერესს, თავიანთ ჭკუაზე მიიღონ. ამიტომ, ამ ერთსაათიანი შეკრებით გავაფრთხილებთ მათ, რომ გონს მოეგონ და ადეკვატური და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქციის გამართვა 23 მაისს, თბილისშია დაგეგმილი.

საპროტესტო აქციების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც დღეს მთავრობამ უარი განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მიერ დიალოგის დასაწყებად დაყენებული სამივე მოთხოვნის შესრულებაზე.

15 აპრილს, ქუთაისის მერიაში, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან, ლერი ბარნაბიშვილთან, გუბერნატორებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა სამი მოთხოვნა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ. ეს პირობები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ არის ნათქვამი, რომ ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით შეჩერდება. სინამდვილეში, კაშხლის მშენებლობა ჯერ დაწყებული არ ყოფილა და არც შესაბამისი სავალდებულო ნებართვაა გაცემული. მთავრობის დღევანდელი განცხადებით, გაგრძელდება ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. სინამდვილეში, ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები მნიშვნელოვნად აზიანებს რიონის ხეობაში ბუნებას, იჩეხება ათასობით ძირი ხე, გადათხრილია მთები. მთავრობა და კომპანია აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ახალი სამანქანო გზის მშენებლობა, რომელიც, რეალურად, მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ არსებული გზა ნამახვანჰესისთვის დაიტბორება. 

დღევანდელი განცხადებით მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიხსნას პოლიციის დამატებით ბარიერები და შეამციროს ადგილზე სამართალდამცველთა რაოდენობა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტერიტორიაზე დარჩება იმდენი პოლიციელი, რამდენიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, ხოლო საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის დღევანდელი განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს დაავალა მთავრობასა და ინვესტორ კომპანია „ენკას რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულების შესწავლა. მთავრობა აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]