weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის სანქციები მკაცრდება

10:12 სამშაბათი, 27 აპრილი 2021

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დაწესებული სანქციები მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მოქმედი რედაქციით წვრილმანი ხულიგნობა (საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს) გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 166-ე მუხლს დაემატება მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი 1500-დან 2000 ლარამდე დაჯარიმდება ან 7 დღიდან 15 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდება.

კოდექსის ამჟამად მოქმედი 173-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან შეეფარდება ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დაჯარიმდება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან შეეფარდება პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. ამასთანავე, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მოსამართლე გაითვალისწინებს სამართალდამრღვევის პიროვნებას, დარღვევის ხასიათსა და საშიშროების ხარისხს.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, დღეს მოქმედი სანქციები ვერ უზრუნველყოფს 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციას.

„2018 წელს 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის 4452 შემთხვევა გამოვლინდა, 2019 წელს კი 5175. რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, 2018 წელს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 4761 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2019 წელს 5801. სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2020 წელსაც. კერძოდ, 2020 წელს 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის 3452 შემთხვევა იქნა გამოვლენილი; 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კი - 4201. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის მაჩვენებელი მაღალია იმისგათვალისწინებით, რომ COVID-19-ის მასობრივად გავრცელების გამო, 2020 წელს მოქალაქეთა საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა შემცირებული იყო“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილია. ის ითხოვს, რომ პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]