weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ფრონტერას“ ჭაბურღილიდან ნავთობი იღვრება და გარემოს ანადგურებს – ბექა ნაცვლიშვილი

15:31 სამშაბათი, 27 აპრილი 2021

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროში, ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონეტერას“ გაჩერებული ჭაბურღილიდან ნავთობი იღვრება და ნიადაგში ჩადის.

ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ ნავთობის გუბეები ჩანს. მისი თქმით, ეს ნაზარლების N2 ჭაბურღილის ტერიტორიაა და მსგავსი ვითარება დედოფლისწყაროში ბევრ ადგილზეა.

„ეს ჭაბურღილი გაჩერებულია, მაგრამ წნევით ნავთობი იღვრება და ჩადის ნათესებში. თითქმის ვაშლოვანის ნაკრძალამდე მიდის. როგორც გარემო ნადგურდება, ისე ნადგურდება ის სიმდიდრე, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, შეიძლება მცირედი, მაგრამ ნავთობის სახით.

ეს არის კატასტროფა. არც გარემოს დაცვის სამინისტრო და არც არავინ ყურადღებას არ აქცევს. გასაგებია, რომ „ფრონტერა“ არ აქცევს, იმიტომ, რომ საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება. მემგონი, მე-16 თვეა, რაც თანამშრომლებისთვის ხელფასი არ გადაუხდია და მიუხედავად ამისა, იმ ადგილებიდან, საიდანაც მარტივია ნავთობის მოპოვება, ეწევა სამუშაობს და გააქვს ნავთობი. სახელმწიფო ამაზე რომ არ რეაგირებს, ეს ცალკე დანაშაულია“, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

„ფრონტერა“ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში 1997 წლიდან მუშაობს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, 1997 წლის კონტრაქტის მიხედვით, „ფრონტერას“ 10 წლის ვადაში უნდა ეწარმოებინა ძებნა-ძიების სამუშაოები ნახშირწყალბადების ახალი კომერციული მარაგების აღმოჩენისა და შემდგომი ათვისების მიზნით. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, „ფრონტერამ“ დამატებით ორჯერ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის გაგრძელება, რაც ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა. ძებნა-ძიების ჯამური ვადა 20 წლით გაიზარდა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, 2017 წელს, კომპანიამ კვლავ ითხოვა ხუთი წლის დამატება და უარი განაცხადა ძებნა-ძიების ფართობის დაბრუნებაზე, რაც ხელშეკრულებით ევალებოდა. 2018 წელს ეს საკითხი ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში დავის დაწყების საფუძველი გახდა. დავა 2020 წლის აპრილში დასრულდა. მთავრობამ განაცხადა, რომ სასამართლომ „ფრონტერას“ მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა დაადგინა და 27 ივლისიდან კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტასაც გეგმავდა, თუმცა 23 ივლისს ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ „ფრონტერას“ საშუალებას მისცემდა, საქმიანობა საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში გაეგრძელებინა, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე.

„ფრონტერა“ მთავრობას დეზინფორმაციის კამპანიის განხორციელებაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არასდროს არსებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]