შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, დაკავებულები არიან ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა.ა., 1980 წელს დაბადებული ნ.გ. და 1976 წელს დაბადებული ნ.კ..
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ. გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი - ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა“, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით საქმეში სოციალური სამსახურის და ყველა სხვა შესაბამისი უწყება იყო ჩართული.
საქმეზე გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.