ზონალური პარკირების ფარგლებში, მოქალაქეებისთვის პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება, ხოლო პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა. პარკირება ასევე, უფასოა შშმ პირებისა და ელექტრომობილის მფლობელებისთვის.
უფასო პარკირებით ისარგებლებენ პირები, რომლებიც საპარკინგე სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებენ. მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომელთაც აღნიშნულ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ, უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ.
უფასო პარკირებისთვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე - www.tp.ge, სადაც ID ბარათის ელექტრონულ წამკითხველში დაფიქსირების შემდეგ, აღინიშნება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მისი საკადასტრო კოდი. აპლიკაციის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს, საკუთარი სატრანსპორტო საშუალება თავისივე საკადასტრო კოდს დაუკავშიროს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, განთავსებულია ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეები საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებას შეძლებენ.
რომელ ქუჩებზე იმოქმედებს საათობრივი პარკირება
საათობრივი პარკირება იმოქმედებს ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ზურაბ ანჯაფარიძის, მიხეილ შავიშვილის, ვარლამ თოფურიას, მარიჯანის, დავით თავხელიძის, პეტრე ქავთარაძის, ირინე სხირტლაძის, კალისტრატე ქუთათელაძის, მიხეილ ასათიანის, ანა ანტონოვსკაის, გიო ხუციშვილის, იონა ვაკელის, ასევე, ტანძიის, ოთარ ჭილაძის, ტაშკენტის, ადამ მიცკევიჩისა და ჯანო ბაგრატიონის ქუჩებზე.