weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რა ვიცით ჩინური ვაქცინის შესახებ, რომლითაც საქართველოში უნდა აიცრან

12:25 ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021

ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას სავარაუდოდ თვის ბოლომდე მიიღებს. ამის მიუხედავად, საქართველოში ამ ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია გუშინ საღამოს დაიწყო და დღეს დილისთვის „სინოფარმით“ ვაქცინაციის სურვილი უკვე 3568 მოქალაქეს ჰქონდა გამოთქმული. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობა 79%-ს აღწევს და ასაცრელად 2 დოზის გამოყენებაა საჭირო. ინფორმაცია „სინოფარმის“ გამოყენების შედეგად გარდაცვალების შესახებ არ გავრცელებულა.

„ამ ვაქცინას ათეულობით ქვეყანა იყენებს და 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული. კვლევები, რომლებიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს. დღეისთვის ვაქცინა, მკაცრი მარეგულირებლებიდან, ავტორიზებულია უნგრეთი წამლის სააგენტოს მიერ, რაც ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში სრულად ჯდება და გვაძლევს პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში“, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ „სინოფარმი“ 100%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე შემთხვევისგან და სიკვდილისგან

უნგრეთმა „სინოფარმის“ ერთი დოზა 36 აშშ დოლარად შეიძინა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუსაჯაროვებია, რა თანხა გადაიხადა 100 000 დოზა ვაქცინაში.

„სინოფარმი“ ჩინეთმა ვირუსის ოფიციალურად დაფიქსირებიდან (დეკემბერი, 2019 წელი) რამდენიმე თვეში შექმნა. თავდაპირველად ვაქცინაცია ადგილზე ჩატარდა. პეკინის ბიოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ ვაქცინა რაიმე სერიოზულ გვერდით ეფექტს არ იწვევდა და ორგანიზმში კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედ ანტისხეულებს აჩენდა. 

ჩინეთის შემდეგ ვაქცინა გამოიყენეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, მაროკოსა და პერუში. საემიროებში „სინოფარმით“ აიცრნენ როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე მთავრობის წარმომადგენლები. 

2020 წლის ბოლოს „სინოფარმით“ ვაქცინაცია გაგრძელდა ბაჰრეინში, დუბაისა და ეგვიპტეში, სადაც უპირველესად სამედიცინო პერსონალი აცრეს. 

ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან იმ გვერდით მოვლენებზე ისაუბრა, რომელიც „სინოფარმის“ ვაქცინაციას თან ახლდა. მისი განცხადებით, აცრის შედეგად გამოვლენდა სიმპტომები, როგორებიცაა: ტკივილი, ქავილი და სიწითლე ვაქცინაციის არეში, ასევე თავის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა, დაღლილობა, სისუსტე, პირღებინება, დიარეა, ხველა, ალერგია, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, კრუნჩხვა, რაც არ საჭიროებს დამატებით მკურნალობას და თავისით გაივლის. 

ჩინეთის ეროვნული ფარმაცევტული ჯგუფის ერთ-ერთი განყოფილება, რომელიც ქალაქ ვუჰანში მდებარეობს, გეგმავს, რომ წელიწადში 100 მილიონ დოზაზე მეტი „სინოფარმის“ ვაქცინა აწარმოოს. გარდა ამისა, „სინოფარმს“ პეკინშიც აქვს დაფუძნებული შვილობილი კომპანია, რომელმაც წელიწადში მილიარდი დოზა ვაქცინა უნდა გამოუშვას. 

ამ მომენტისათვის, ჩინეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინასაც – „სინოვაკი“ – აწარმოებს. ბრაზილიელმა მკვლევრებმა ამ ვაქცინის ეფექტურობის 50.4%-იანი მაჩვენებელი დაადგინეს, მაშინ, როდესაც, შედარებისთვის, „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინის ეფექტურობა 97%-ია.

28 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ბმულზე: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/register სულ 61 566 მოქალაქე დარეგისტრირდა. დარეგისტრირებულ პირებს შეეძლოთ მიეთითებინათ ვაქცინა, რომლითაც აცრა სურთ. ყველაზე დიდი მოთხოვნა „ფაიზერის“ ვაქცინაზეა – ის 58 664 ადამიანმა მონიშნა. მეორე ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინა „მოდერნაა“, რომელზეც 27 778 მოქალაქე დარეგისტრირდა. „ასტრაზენეკათი“ აცრის სურვილი 11 966 მოქალაქემ გამოთქვა, „სინოფარმზე“ 3568, ხოლო „სინოვაკზე“ – 737 მოქალაქეა დარეგისტირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]