„მოვითხოვეთ სხდომის გადადება, იმიტომ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ პოლიტიკურ კონიუქტურას ქვეყანაში, მიგვაჩია, რომ სასამართლო სხომებში მონაწილეობის მიღება და შესავალი სიტყვის თქმა, რაც დღევანდელ სხდომაზე უნდა მომხდარიყო, მართლმსაჯულების იმიტაციაში მონაწილეობის მიღებაა. ეს საქმე არ იხილება სასამართლოში, გადაწყვეტილებას არ იღებს სასამართლო და სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ დღევანდელი პროცესის გადადება“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მელიას კიდევ ერთი ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვეს იმ ვადით, რა ვადაც საჭიროა იმისთვის, რომ პოლიტიკურ უმაღლეს ხელისუფლებაში ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღონ.
ნიკა მელიას, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია, პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.