ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ჩატარდება. აცრის დროს უპირატესობა მათ მიენიჭებათ, ვისაც ვირუსი ჯერ გადატანილი არ აქვთ.
„პროცედურის დაწყებამდე, ანტისხეულების არსებობაზე ტესტი ჩატარდება. თუ ადამიანმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი და აქვს ანტისხეულები, არ დაექვემდებარება ვაქცინაციაა. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა წერილობითი შეთანხმება აუცილებელია, რადგან ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ შესაძლოა იყოს გვერდითი მოვლენები“, – განაცხადა დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცხაკაიამ.
რუსეთი ოკუპირებულ რეგიონს ვაქცინის დოზების შემდეგ პარტიას იმის მიხედვით მიაწვდის, თუ რამდენად წარმატებით განხორციელდება ვაქცინაციის პირველი ეტაპი.
რუსული ვაქცინა ამ დროისთვის 60-ზე მეტ ქვეყანაშია რეგისტრირებული, თუმცა მისი კლინიკური გამოცდის ბოლო, მესამე ფაზა ამ დრომდე არ არის დასრულებული. რამდენიმე დღის წინ „სპუტნიკ V“ ბრაზილიის რეგულატორმა არ დაამტკიცა იმ საფუძვლით, რომ წინასწარი ტესტირებისთვის ვაქცინის ნიმუშები ვერ მიიღეს.
„სპუტნიკ V“ –18 გრადუსზე ინახება და ორდოზიანია. 26 აპრილისთვის რუსეთში „სპუტნიკ V“-ის პირველი დოზით 12 მილიონი მოქალაქე იყო აცრილი, ხოლო ორივე დოზა 7.5 მილიონს ჰქონდა გაკეთებული.