როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, „112“-ით მიიღეს ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე მყოფი ტურისტი მაშველების დახმარებას ითხოვდა. ამავე დროს, აშშ-დან შევიდა სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების SOS სიგნალი და კოორდინატები.
„შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მოქალაქეების დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით და სპეციალური აღჭურვილობით გავიდნენ სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს. ხოლო, ხევში გადავარდნილი ქალის, ზ.გ-ს საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყონებლივ დაიწყეს. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ქალის ცხედარი, რომელიც სამაშველო ჯგუფების მიერ, ხევიდან უკვე ამოსვენებულია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
გულის უღელტეხილი ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს.