„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია გუშინ, 5 მაისიდან სპეციალურ ვებ-პორტალზე დაიწყო, აცრის ჩატარება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.
სამედიცინო დაწესებულებაში მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირება შესაძლებელია პირველი აცრიდან 8-12 კვირის ინტერვალში. 8 აპრილის შემდეგ „ასტრაზენეკათი“ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები იცრებიან. მეორე დოზაზე მათაც შეუძლიათ დარეგისტრირება, ვინც 55 წლამდეა და პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.
საქართველომ „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია (43 200 დოზა) 13 მარტს მიიღო, 15 მარტიდან კი სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში „ფაიზერის“ და ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინებიც შემოვიდა.
5 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 47 949 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 7009 ადამიანი.