„პირველი დოზის მიღების შემდეგ, ვაქცინაციის მიუხედავად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ინფიცირება და იყო შემთხვევები, დაახლოებით 300, როგორც „ფაიზერის“ პირველი დოზის, ისე „ასტრაზენეკას“ მიღების შემდეგ. უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო მსუბუქი მიმდინარეობა და პაციენტები თავად აღნიშნავენ, რომ დიდი ალბათობით ამას მიაწერენ პირველ ვაქცინას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ახლა მსჯელობენ ვაქცინის მეორე დოზით ამ ადამიანების აცრასთან დაკავშირებით.
„მათ ახლა ვუგეგმავთ მეორე დოზის მიღების რეჟიმს, ანუ როდისთვის იქნება შესაძლებელი მათთვის მეორე დოზის მიღება. ამ შემთხვევაში განსხვავებული რეჟიმია, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ დავაზუსტოთ, რამდენად სწრაფად შეგვიძლია შევთავაზოთ მათ მეორე დოზა. ის 120 დღე, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწესებული, რამდენადმე ხანგრძლივია და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას უწევს, მაგალითად, ორ კვირას ან 30 დღეს. ამ დღეებში იმუნიზაციის საბჭო კიდევ დამატებით იმსჯელებს ამაზე, რომ ეს 300 ადამიანი ავცრათ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. 7 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 54 687 აცრა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 8700 ადამიანი.