„მას დაუდგინდა ახალი კორონავირუსით ინფექცია, აქტიური სტატუსი ჰქონდა. ძირითადი პრობლემა, რის გამოც ის ჩვენთან მოვიდა, იყო სუნთქვის უკმარისობა. 22 აპრილს აღმოჩნდა, რომ ქალბატონს გაუუარესდა ფიზიკური მდგომარეობა, გაუუარესდა სუნთქვის უკმარისობა და საჭირო გახდა რეანიმაციული გუნდის ჩართვა მის მკურნალობაში. მოხდა სასწრაფო საკეისრო ოპერაციის გაკეთება, იმიტომ, რომ ნაყოფის მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი. მოხდა ნაყოფის ინტუბაცია, ანუ ის გადავიდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მასაც ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა“, – განაცხადა ვაჩაძემ.
ჩვილი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ალექსი ვაჩაძის თქმით, საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
„საქმეში შემოვიდა დიალიზი, თირკმლის უკმარისობა გამოიხატა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია ჩაირთო. კორონავირუსის მძიმე ინფექციის გამო, საბოლოო ჯამში, მივიღეთ ლეტალური ეფექტი“, – განაცხადა ექიმმა.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა.
ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას დაუსვეს. გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
7 მაისის დილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს სულ 4245 ადამიანი ემსხვერპლა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, COVID-19-ით სულ დაინფიცირდა 319 266 ადამიანი, მათგან 298 807 – გამოჯანმრთელდა.