weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შატილის ახლად რეაბილიტირებული გზა დაზიანდა

12:23 შაბათი, 08 მაისი 2021

პირიქითა ხევსურეთთან, შატილთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა, რომლის რეაბილიტაცია გასულ წელს დასრულდა, სხვადასხვა ადგილზეა დაზიანებული. ჩამოსული მეწყერებისგან, თოვლის ზვავებისა და ქვაყრილებისგან დაახლოებით 15-კილომეტრიანი გზის გაწმენდას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

მეშვიდე თვეა, შატილამდე ავტომობილით მისვლა შეუძლებელია. იქ მცხოვრები გიორგი ჭინჭარაული ამბობს, რომ არ ახსოვს, ბოლო 10 წელში ასე დაგვიანებულიყო ზამთრის შემდეგ გზის გახსნა. ის მეწყერების ჩამოსვლას არასწორად შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირებს.

„კისტანიდან შატილამდე და კიდევ იქით, მუცომდე ძალიან ბევრ ადგილზე გზა დაზიანებულია. ერთ ადგილზე მდინარეს აქვს მიმართულება შეცვლილი და გზაზე მიდის; ნაწვეთრებს ეძახიან, კლდეებთან, ძალიან ვრცელი მონაკვეთია ჩამოშლილი და გზა თითქმის არ ჩანს.

რეაბილიტაციის შედეგად არსებული გზა გაფართოვდა. 8 მეტრის სიგანის უნდა ყოფილიყო, თავისი სანიაღვრე სისტემით, დამცავი ზღუდარებით და ა.შ. დამცავი ზღუდარების 90% ჩვენს მხარეს, პირიქითა ხევსურეთში, სულ დაზიანებულია, მდინარეშია ჩაყრილი.

ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ გზას ნაყარ მიწაზე, რბილ მიწაზე აუცილებლად მდინარე გამორეცხავდა და დაზიანებოდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს, ჩქარობდნენ, უნდოდათ მალე ჩაებარებინათ და რაღაც სისულელეები ჩაატარეს. გზა სულ ახლიდან გასაკეთებელია. 10 წელია აქ ვარ და არ მახსოვს, ასე დაგვიანებულიყო გზის გახსნა. მით უმეტეს, წელს არ ყოფილა დიდთოვლობა. აქ იხსენებენ, რომ ადრე მოსულა დიდი თოვლი - 1–1.5 მეტრი და მერე გზის გახსნა დაგვიანებულა, მაგრამ წელს ძალიან ჩვეულებრივი, მშრალი ზამთარი იყო. აქამდე კი არა, ერთი თვის წინ უნდა გაეხსნათ გზა“, – უთხრა „რეგინფოს“ გიორგი ჭინჭარაულმა.

გიორგი ჭინჭარაულის ინფორმაციით, შპს „ევორდში“, რომელმაც ბარისახო-შატილის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატრა, გზის დაზიანებას სტიქიას აბრალებენ. „რეგინფოს“ კომპანიის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ამ საკითხზე ორშაბათს მივმართოთ. 

„ამბობენ, სტიქიის შემთხვევაში ჩვენ არ ვართ ვალდებული, რომ დასრულებული გზა ხელახლა ავაშენოთო, მაგრამ რომელ სტიქიაზე საუბრობენ, წარმოდგენა არ მაქვს. აქ არანაირი სტიქია არ ყოფილა. განსაკუთრებული წვიმები, დიდი თოვლი ან წყალდიდობები არ ყოფილა. ეს პროცესები გაგრძელდება ათწლეულები, თუ ასე არაპროფესიონალურად გააკეთეს. თუ გეოლოგიური დასკვნის გარეშე სადღაც ისეთ ადგილზე მოჭრეს მთა, სადაც ეროზიულად სახიფათო ადგილია, შეიძლება იმხელა მეწყერი ჩამოწვეს, რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ. „გზის გაფართოვებამ გამოიწვია მეწყერი და ეს ბუნებრივია“, - არა, ეს ბუნებრივი არ არის“, – ამბობს გიორგი ჭინჭარაული.

შატილთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოვლა-პატრონობას საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია შპს „საგზაო 19“ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელმა, ზურა არაბულმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა ლებაისკარამდეა მისული.

„გზის გაწმენდის სამუშაოები დავიწყეთ აპრილიდან, მაგრამ ხახმატის მეწყერის გამო ორი კვირა გაჩერებულები ვიყავით. გამომდინარე იქიდან, რომ წინ არ ვიცით რა მდგომარეობაა (ვერტმფრენით როცა როტაცია იყო, გადმოგვცეს, რომ ორ ადგილზე მეწყერებია, ზვავებია ჩამოსული), ვერ გეტყვით, რა დრო დასჭირდება გზის გახსნას. თუ ამინდი გაუარესდება, ჩვენც შევფერხდებით“, – განაცხადა ზურა არაბულმა.

პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს იკეტება. უღელტეხილი ზღვის დონიდან 2676 მეტრზეა. ზამთარში ხევსურეთის სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაციაზე გაფორმებული ხელშეკრულება 5 ლოტს მოიცავდა, სამუშაოების ღირებულება 21 367 426 ლარი იყო, სარებილიტაციო მონაკვეთის მანძილი კი 53.8 კილომეტრი. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წლის განმავლობაში შატილამდე გზა უფრო დიდხანს იქნებოდა ღია.

შატილის გზის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გიორგი ჭინჭარაულის Facebook გვერდიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]