weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

საგანგებო შტაბი ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

15:03 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

საგანგებო შტაბი საქართველოს რეგიონებში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ყველაზე რთული კერა არდაგანშია. ხანძრები ლოკალიზებულია დუშეთის რაიონის სოფელ თვალივში, ასევე პირიქითა ხევსურეთში.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის სახით 1500-მდე ადამიანია ჩართული. დილიდან მუშაობა განაახლა 6 ვერტმფრენმა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ.

ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი დამატებითი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალური თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების საშუალებას გამორიცხავს. ამ ეტაპზე ყველაზე რთული კერა არდაგანშია, ამ მონაკვეთზე გუშინაც მძიმე ვითარება იყო. არდაგანის მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობს ავიაცია. მაღალი ტემპერატურის გამო მთელ რიგ ადგილებში შეიმჩნევა ტორფის გავრცელება, რაც სიტუაციას ართულებს.

გარემოს დაცვის სამინისტრომ სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კველევა განახორციელა. კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის და ორსულებისთვის მანამდე მოქმედი რეკომენდაცია მოხსნილია.

რაც შეეხება, სხვა რეგიონებში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს. ამ დროისთვის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა, ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა, რომლებიც შემოსაზღვრულია თხრილებით, რაც ცეცხლის გავრცელების საფრთხეს ანეიტრალებს. გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ცეცხლს მთელი ღამის მანძილზე, რთულ რელიეფურ პირობებში ებრძოდნენ.

ანდაქის ხეობაში ხანძარი 22 აგვისტოს თავდაპირველად სოფელ ბახაოში, მეცხვარის სახლს მოედო და შემდგომ საძოვრებზე და ფოთლოვანი ტყის ნაწილზე გავრცელდა. ხანძრის ლოკალიზაცია 12 საათში მოხერხდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან და დუშეთის რაიონის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ამ დრომდე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ.

ხანძარი ლიკვიდირებულია დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივშიც. ვერტმფრენმა სტიქიის ზონაში მუშაობა უკვე დაასრულა. ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, აღარ შეინიშნება ცეცხლის კერები. სამაშველო სამსახურები სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ.

დღეს, ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ჩაჩიბაია ჩავლენ, რადგან ადგილზე გაეცნონ ვითარებას. ამ ეტაპზე ატენის ხეობაში ჯარისკაცები კვლავ არიან მობილიზებულები, რათა განმეორებითი საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული.

საგანგებო შტაბის წევრები კვლავ ბორჯომის ხეობაში რჩებიან და ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებაც, სტიქიური უბედურების ყველაზე მასშტაბური ადგილიდან ხდება. ბორჯომის ხეობაში რჩება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]