weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახლი წყნეთში თუ არ მოუვიდათ, ისე შუქრუთიდან წასვლა არ უნდათ - კომპანია აქციის მონაწილეებზე

14:20 შაბათი, 15 მაისი 2021
ფოტოზე - „შუქრუთი +“-ის ხელმძღვანელი ნოდარ მიქაბერიძე ფოტოზე - „შუქრუთი +“-ის ხელმძღვანელი ნოდარ მიქაბერიძე

„იმდენ თანხას ვაძლეთ, რომ შეუძლიათ გვერდზე სოფელში 2 ან 3 სახლი იყიდონ, მაგრამ უნდათ, შუქრუთში ზიანის ფულს რომ აიღებენ, სახლი სადმე ბარნოვზე, წყნეთში და ასეთ ადგილებში იყიდონ. სახლი წყნეთში თუ არ მოუვიდათ, ისე არ უნდათ შუქრუთიდან წასვლა“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის, „შუქრუთი +“-ის ხელმძღვანელმა ნოდარ მიქაბერიძემ ჭიათურის მინიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტზე. 

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ კოროხნალის მაღაროსთან სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 85-ე დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ, პირი ამოიკერეს. აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. სოფელ შუქრუთში სახლები ნახევრად ან სრულად დანგრეულია, ეზოებში თვალუწვდენელი ღრმულები გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, მათი სოფლის ქვეშ „ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმს მოიპოვებს. აქციის მონაწილეები, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხრიდან ყურადღებას ითხოვენ.

ნოდარ მიქაბერიძე ამბობს, რომ კომპანია ქონების საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას იხდის, ხოლო ის, რასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ, არაადეკვატურია.

„ჩვენ ამ პირამოკერილების სახლი შევაფასეთ შარშან. მათ ფული არ გამოგვართვეს, მაგრამ დღეს კიდევ გაიზრდებოდა ეს შეფასება, იმიტომ, რომ ახალი წიგნია გამოსული, ახალი ფასებია დადებული და ეს ყოველ სამ თვეში იცვლება. მაშინ მოუწია დაახლოებით 120 ათასი ლარი, მეორეს 90 ათასი. ამ თანხის გარდა, ეს სახლები, ნაკვეთები და ყველაფერი მათ საკუთრებაში რჩება. ჩვენ რასაც ვუხდით, დღეს რომ არის შეფასებული, 120 ათას ლარს, 80 ათასს, ზოგს 150 ათას ლარს, ეს არის ჭიათურის რაიონში არსებულ საბაზრო ღირებულებაზე ზოგ შემთხვევაში 3-ჯერ, 4-ჯერ მეტი, ანუ გვერდზე სოფელში სახლი რომ იყიდო, სამ სახლს იყიდიან ამ ფულით და ძველი სახლიც დარჩებათ“, – განაცხადა მიქაბერიძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

მისივე თქმით, პროტესტის მიუხედავად, მაღარო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„ისინი [აქციის მონაწილეები] რას იზამენ, ვერ გეტყვით. ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენს საქმეს ვაგრძელებთ, მოსახლეობას ფულს ვურიგებთ, მაღაროში მუშებს ხელფასს ვუხდით, მაღარო მუშაობს და პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. უბრალოდ უდგათ კარავი და რამდენიმე კაცი პირამოკერილი ზის იქ. ისინი მართული არიან გარკვეული ძალებისგან“, – ამბობს „შუქრუთი +“-ის დამფუძნებელი.

"მთის ამბებმა" ჭიათურის სოფლებიდან, მათ შორის შუქრუთიდან რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა. ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კომპენსახიის სახით მიღებული თანხა ჯამში 30-40 ათას ლარს არ აღემატება. 

„უკიდურეს ზომებს მივმართეთ, რადგან ორი კვირის წინ, ჩვენ გადავინაცვლეთ ჭიათურის მერისთან, სადაც გვინდოდა მშვიდობიანი პროტესტის ფორმით გაგვეპროტესტებინა, დაგვეცვა ჩვენი სახლები, ჩვენი ოჯახები, სოფელი, რომელიც სრულიად ნადგურდება „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშა პროცესის შედეგად. მშვიდობიანი პროტესტის და კარვის დადგმის საშუალება არ მოგვცეს უშუალოდ ქალაქის მერმა გივი მოდებაძე და პოლიციის უფროსმა ფილიმონ აბრამიშვილმა.

ჩვენს სოფელში მიმდინარეობს შეუქცევადი პროცესი – „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოების შედეგად ფაქტობრივად შეუძლებელია სოფელში ცხოვრება. ჩვენთვის არავის უკითხავს, შემოიპარნენ ჩვენი ადგილების, ჩვენი სახლების ქვეშ და დაიწყეს მადნის მოპოვების სამუშაოები. ინგრევა სახლები, ვარდება საფლავები, იხსნება ტაძრის გუმბათი. იძულებულები ვართ, მოვითხოვოთ ანაზღაურება“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ნეფარიძე.

მისივე თქმით, პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხისმგებლობას არ აიღებს და მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

 

ამ თემაზე: შუქრუთის გოდება - რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]