დღეს ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „Air Astana“-მ. აღნიშნულმა ავიაკომპანიამ ალმათი-ბათუმი-ალმათის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება განაახლა. ფრენები კვირაში სამჯერ - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ნათელა თურნავას თქმით, ყაზახეთი საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა.
„2019 წელს ამ ქვეყნიდან 103 611 ვიზიტორს უმასპინძლა და ზრდამ წინა წელთან შედარებით 75.7 პროცენტი შეადგინა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სტუმრები ყაზახეთიდან უსაფრთხოდ შეძლებენ საქართველოში, მათ შორის, აჭარაში დასვენებას. საქართველოს ტურისტული სექტორი მზადაა, კოვიდ-რეგულაციების მკაცრი დაცვით მოემსახუროს ვიზიტორებს,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათელა თურნავას თქმით, პანდემიამ ტურიზმის სექტორი ყველაზე მეტად დააზარალა: „დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სწორი მარკეტინგით, მიზნობრივი პროგრამებითა და მასობრივი ვაქცინაციით, ხელი შევუწყოთ დარგის აღორძინებას“.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან – ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს.
ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა-ბათუმი-ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი-ბათუმი- კიევის მიმართულებით.