weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დმანისში მოქალაქეების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება გრძელდება

12:19 ორშაბათი, 17 მაისი 2021

დმანისში, ქალაქის ცენტრში, ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მოქალაქეებს შორის დაძაბულობაა. ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჯოხებით, ხელკეტებითა და თოხებით შეიარაღებული მოქალაქეები ჩანან. ისინი ერთმანეთის მიმართულებით ქვებს ისვრიან და სამართალდამცველთა კორდონის გარღვევას ცდილობენ. ვითარება პერიოდულად იძაბება სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩაზე. პოლიცია მოქალაქეების შეკავებას ვერ ახერხებს და ისინი ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.

დღეს არსებული ვითარება დმანისში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების ნაწილს შორის გუშინ მომხდარი ჩხუბის გაგრძელებაა. 16 მაისს ჩხუბი 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიასთან – „ომერ მარკეტთან“ მოხდა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მივიდა ოცამდე მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი მაღაზიასთან, სადაც რამდენიმე მამაკაცი იმყოფებოდა. ვიდეოკადრების მიხედვით, მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მისულმა მაღაზიასთან მყოფს დაარტყა. ამის შემდეგ ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. კადრების მიხედვით, მაღაზიასთან მყოფები მისულებს ჯოხებით დახვდნენ, ერთ-ერთს კი უროს მსგავსი ნივთიც ეჭირა. დაპირისპირების დროს სასტიკად გაუსწორდნენ შუახნის მამაკაცს. ვიდეოში ჩანს, რომ ის მიწაზე გაათრიეს და თავში ფეხები და ჯოხები ურტყეს. პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ჩხუბი დამთავრდა.

ჩხუბს მაღაზიაში მანამდე მომხდარი ინციდენტი უძღოდა წინ. ინტერნეტგამოცემა Aktual.ge-სთან მაღაზიის გამყიდველმა, საიდა ისმაილოვამ განაცხადა, რომ დაახლოებით 17 საათზე, მაღაზიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი შევიდა და ლუდის ნისიად მიცემა ითხოვა. როგორც გამყიდველი ამბობს, მამაკაცებს უთხრა, რომ მენეჯერი ადგილზე არ იყო და სასმლის ნიასიად გატანების უფლება არ ჰქონდა.

„უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფა მომაყენეს. მითხრეს, რომ კალკულატორს თავში დამარტყამდნენ. მაშინ, ჩემი მამამთილი მოვიდა და ჰკითხა, რატომ მაყენებდნენ შეურაცხყოფას. მას სცემეს, რის გამოც პოლიცია გამოვიძახეთ. პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. ამ დროს მაღაზიასთან 60-მდე ადამიანი მოვიდა, ყველას სცემეს, დაამტვრიეს ჩვენი მანქანა“, – განაცხადა საიდა ისმაილოვამ.

მისივე თქმით, თავდამსხმელები არასრულწლოვანსაც გაუსწორდნენ. როგორც მაღაზიის გამყიდველი ამბობს, თავდასმხა ეთნიკური ნიშნით მოხდა და მსგავს შემთხვევას ადგილი ადრეც ჰქონდა, თუმცა პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში ადგილობრივების გამოკითხვა მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს განაცხადა, რომ პოლიციას დროული რეაგირება ჰქონდა, გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს ჩხუბში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.

„ხდება ყველა ფაქტობრივი გარემოების დეტალური შესწავლა. რა გარემოებებიც გამოიკვეთება საქმეში, იმის შესაბამისად გაგრძელდება გამოძიება. მოხდება ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც დანაშაული ჩაიდინა“, – თქვა შს მინისტრის მოადგილემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]