weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ დმანისისკენ გადაადგილება შეზღუდა

16:24 ორშაბათი, 17 მაისი 2021

პოლიციას დმანისის შესასვლელი აქვს ჩაკეტილი და მოქალაქეთა გადაადგილებას ზღუდავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსაუხრში ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.

პოლიციის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში შესვლის მსურველებს განუმარტა, რომ მხოლოდ ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს, პოლიციის, სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ატარებენ, რის მიზეზადაც არსებულ დაძაბულობას ასახელებენ.

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, დმანისში შესვლა სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების მხარდამჭერებსაც სურთ. მათი თქმით, გუშინ მომხდარი კონფლიქტის გამო 22 ადამიანია დაკავებული და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

„22 კაცი დაიჭირეს ჩვენს მხარეს, იქით მხარეს საერთოდ კაცი არ არის დაკავებული. ამას არ დაჯერდნენ და ჩვენი ოჯახის წევრებს შეუვარდნენ. ამის მპატიებელი ვინმე ვართ? სანამ უფრო დაიძაბება სიტუაცია, ბევრი ხალხი მოდის, სვანეთიდან მოდიან ბიჭები და თქვენს ინტერესშიც უნდა იყოს, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს. ამ განმუხტვაში ჩვენი მოთხოვნა იქნება და არ დავიშლებით მანამ, ვიდრე ამ 22 კაცს უპირობოდ არ გაათავისუფლებენ“, – მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ, მერაბ გიგანმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

დმანისში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება გუშინ დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც ორი ჯგუფის ჩხუბი ჩანს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ „ომერ მარკეტის“ გამყიდველმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს უარი უთხრა ლუდის ნისიად გატანებაზე.

გუშინდელი დაპირისპირება დღეს დმანისის ქუჩებში გაგრძელდა. ჯოხებით, ხელკეტებით, თოხებითა და სხვადასხვა ნივთით შეიარაღებულ მოქალაქეებს შორის სამართალდამცველები იდგნენ, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ კორდონის გარღვევას. გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, ქუჩებში როგორ დასდევდნენ და ფიზიკურად უსწორდებიან ერთმანეთს მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია გუშინდელ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების ვინაობა და გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. უწყებას დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

შსს მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა „ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]