„შეხვდა ორივე მხარე, შერიგდნენ, ასე ვთქვათ და იმედია, აღარ გაგრძელდება. ჩვენ საპოლიციო ძალებს ვტოვებთ. რა თქმა უნდა, რაღაც მასშტაბით დარჩებიან, არა როგორც ყოველთვის არის ხოლმე, ჩვეულებრივ დროს. დამატებითი ძალები დარჩებიან და იქნება კონტროლი. 100%-იანი ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, ამოიწუროს ეს კონფლიქტი“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ეთნიკურად ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის გუშინ, მაღაზიასთან მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით დაკავებული არავინ არის.
„გამოკითხვაზე არიან გადაყვანილები. გამოძიება მიდის, შეიძლება ისეთი ფაქტი იყოს, რომ დასაკავებელი გახდნენ ადამიანები“, – აღნიშნა გომელაურმა.
დმანისში ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მოქალაქეებს შორის გუშინ დაწყებული კონფლიქტი შერიგებით დასრულდა. დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩამოართვეს, სადაც მათი, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.