weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დმანისში მომხდარი ამბები გარე ძალების მიერ იყო წახალისებული – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

14:42 სამშაბათი, 18 მაისი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ გუშინ დმანისში განვითარებული მოვლენები წახალისებული იყო იმ გარე ძალების მიერ, რომლებსაც აწყობდათ, ინციდენტი ეთნიკურ კონფლიქტში გადაეზარდათ. როგორც დეკანოზი ამბობს, „ტელევიზიების უმრავლესობა ფაქტიურად იგივე მიზანს ემსახურებოდა“.

„გუშინ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დმანისში ჩავედი. აი რა ვნახე:

  1. გუშინ დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ, ვისაც აწყობდა, ეთნიკურ კონფლიქტში გადაეზარდათ ეს ინციდენტი.
  2. ტელევიზიების უმრავლესობა ცეცხლზე ნავთს ასხამდა და ნებსით თუ უნებლიედ, ფაქტიურად იგივე მიზანს ემსახურებოდნენ.
  3. იქ მცხოვრები ქართველების „ეკოემიგრანტებად მოხსენიება“ არის მიზანმიმართული შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა, უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, რომელიც ემსახურება ყოფითი ინციდენტის მასშტაბის გაზრდას, მის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას და ისედაც არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას. სწორედ ეს უსამართლობა იყო მოსახლეობის მხრიდან ჟურნალისტებისადმი გამოვლენილი აგრესიის საფუძველიც.
  4. ღვთის შეწევნით, მოსახლეობას ეყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს ძალისხმევით, ადგილობრივი სასულიერო პირების ჩართულიბით, მათ შორის საპატრიარქოს მონაწილეობით, ერთმანეთთან ძმური მეზობლობის გარემოში ცხოვრების სურვილმა და საღმა აზრმა გაიმარჯვა ვნებებზე.

დიდი იმედია, ყველამ დავინახეთ, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს  ყველასთვის, ემოციებს აყოლა, საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალის ხელში“, – წერს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს წარმომადგენელი.

დმანისის ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება 16 მაისს, მაღაზიაში მომხდარი ინციდენტით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ „ომერ მარკეტის“ გამყიდველმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს უარი უთხრა ლუდის ნისიად გატანებაზე. სოციალურ ქსელში გავრცელდა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც ორი ჯგუფის ჩხუბი ჩანს. დაპირისპირება 17 მაისს, დმანისის ქუჩებში გაგრძელდა. ჯოხებით, ხელკეტებით, თოხებითა და სხვადასხვა ნივთით შეიარაღებულ მოქალაქეებს შორის სამართალდამცველები იდგნენ, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ კორდონის გარღვევას. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ დასდევდნენ და უსწორდებოდნენ ერთმანეთს მოქალაქეები ქუჩებში. პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა დმანისამდე მისასვლელი გზა და დაპირისპირებული მხარეების მხარდამჭერების ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილების აღკვეთას ცდილობდა.

დმანისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და პარლამენტის წევრები ჩავიდნენ. დღის მეორე ნახევარში მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში კონფლიქტის მხარეების წარმომადგენლების, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, რომელიც ხელის ჩამორთმევით და შერიგებაზე შეთანხმებით დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია 16 მაისს მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების ვინაობა და მიმდინარეობს გამოძიება. უწყებას დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]