weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველი დმანისის მოვლენებზე ეფექტიან გამოძიებას ითხოვს

12:36 ოთხშაბათი, 19 მაისი 2021

საქართველოს სახალხო დამცველი 16-17 მაისს დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალადობრივი ინციდენტები, რასაც ადგილი ჰქონდა, სახელმწიფო უწყებების მხრიდან მყისიერი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს, როგორც ეფექტიანი გამოძიების, ისე სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიმართულებით.

18 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენლები დმანისში ჩავიდნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და კონფლიქტის თაობაზე ესაუბრნენ. სახალხო დამცველი აპარატში აცხადებენ, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტი სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ორდღიან უმართავ ჯგუფურ ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„მოვლენების მსგავსმა განვითარებამ დმანისის მრავალეთნიკურ მოსახლეობას შორის დაპირისპირების საფრთხე გააჩინა. შესაბამისად,

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებასა და გააზრებას, ასევე, უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის შეფასებით, ინციდენტის მიმდინარეობისას მთელი რიგი შემთხვევების დროს სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირება არ იყო ეფექტიანი.

„კონფლიქტში მონაწილე პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს პოლიციის თანდასწრებით, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა დროულ რეაგირებას და სიტუაციის განმუხტვას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის და აპარატურის დაზიანების ფაქტები.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არც ერთი შემთხვევა არ დარჩეს ეფექტიანი გამოძიების გარეშე.

ასევე, მნიშვნელოვანია დადგეს ჟურნალისტებზე თავდასხმის მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა“, – აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის.

ამასთან, სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან დმანისის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის წარმოშობილ, სავარაუდოდ კრიმინალური ხასიათის დაპირისპირებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის ხსენებას და მასთან რაიმე ტიპის კავშირის წარმოჩენას.

„ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შესაძლო სამართალდარღვევებზე მართლმსაჯულების აღსრულების, მომხდარის სამართლებრივი შეფასების და ეფექტიანი გამოძიების მიმართულებით. ასევე, მიმდინარე მოვლენებმა ცალსახად გამოკვეთა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, გააზრებას და გაძლიერებას საჭიროებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დმანისის ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება 16 მაისს, მაღაზიაში მომხდარი ინციდენტით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ „ომერ მარკეტის“ გამყიდველმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს უარი უთხრა ლუდის ნისიად მიცემაზე. სოციალურ ქსელში გავრცელდა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც ორი ჯგუფის ჩხუბი ჩანს. დაპირისპირება 17 მაისს, დმანისის ქუჩებში გაგრძელდა. ჯოხებით, ხელკეტებით, თოხებითა და სხვადასხვა ნივთით შეიარაღებულ მოქალაქეებს შორის სამართალდამცველები იდგნენ, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ კორდონის გარღვევას. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ დასდევდნენ და უსწორდებოდნენ ერთმანეთს მოქალაქეები ქუჩებში. პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა დმანისამდე მისასვლელი გზა და დაპირისპირებული მხარეების მხარდამჭერების ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილების აღკვეთას ცდილობდა.

დმანისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და პარლამენტის წევრები ჩავიდნენ. დღის მეორე ნახევარში მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში კონფლიქტის მხარეების წარმომადგენლების, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, რომელიც ხელის ჩამორთმევით და შერიგებაზე შეთანხმებით დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია 16 მაისს მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების ვინაობა და მიმდინარეობს გამოძიება. უწყებას დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]