weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბედნიერი ვიქნებით, რომ ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება – გვრიტიშვილი

15:01 ოთხშაბათი, 19 მაისი 2021

„მე, როგორც მოსამართლე, სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი იქნებიან იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება“, – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამავე საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილზე, რომელიც საბჭოს მიმართ კრიტიკით გამოირჩევა და უფლებამოსილების ვადა ივნისში ეწურება.

მოსამართლე გვრიტიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა ნაზი ჯანეზაშვილის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საბჭოს არამოსამართლე წევრი ლევან გზირიშვილი ცდილობს, საკუთარი შვილი ალექსანდრე გზირიშვილი „მოსამართლედ მოაწყოს“.

„საქართველოს პარლამენტმა ლევან გზირიშვილი არამოსამართლე წევრად 2017 წელს აირჩია. ოთხი წლის შემდეგ, როდესაც ვადა გვეწურება, ის იღებს სარგებელს, კეთილდრეობას, თავისი და პირადი და ოჯახური ინტერესებისთვის. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ მისი შვილი შესაძლოა მოსამართლე გახდეს საბოლოოდ.

სავარაუდოდ, კლანი ამით გზავნის მესიჯს ახალი არამოსამართლე წევრებისთვის, რომ თუ ისინი დაუჭერენ მხარს და მათ მიმართ ლოიალურები იქნებიან, მისცემენ ხმას მათ გადაწყვეტილებებს, მიიღებენ მნიშვნელოვან სარგებელს“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დიმიტი გვრიტიშვილის თქმით, როდესაც ჯანეზაშვილი ცდილობს ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას, მან არა მხოლოდ იმ უდავო ფაქტზე უნდა მიუთითოს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი ლევან გზირიშვილის შვილია, არამედ დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, არასათანდო კვალიფიკაციის იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნები და მოსამართლედ განწესდეს.

„ეს ჯანეზაშვილმა არა თუ დაამტიცა, არც უცდია. ნაზი ჯანეზაშვილი მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში ცდილობდა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას, ინდივიდუალური მოსამართლეების ღირსებისა და მათი რეპუტაციის შელახვას. ესეც იმავე კამპანიის გაგრძელებაა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი 24 ივნისის შემდგომ, რაც მას ვადა ამოეწურება საბჭოში, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს“, – განაცხადა დიმირტი გვრიტიშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნეპოტიზმის შესახებ გასულ წელსაც საუბრობდა. მისი განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან გზირიშვილის არჩევის შემდეგ, 2018 წელს, მისმა შვილმა, ალექსანდრე გზირიშვილმა მუშაობა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოგვიანებით კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გახდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი, რაც მოსამართლედ დანიშვნამდე სავალდებულო ეტაპია. ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ ეს ნეპოტიზმის შედეგია, რადგან მამის დახმარების გარეშე ალექსანდრე გზირიშვილისთვის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყება და იუსტიციის სკოლაში ჩაბარება მარტივი არ იქნებოდა.

„გამორიცხული არ არის, რომ ალექსანდრე გზირიშვილი უახლოეს მომავალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით გახდეს მოსამართლე, რომლის წევრიც არის მისი მამა“, – აცხადებდა გასულ წელს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსი 2021 წელს 22 თებერვლის გამოცხადა. კონკურსში მონაწილეობას ალექსანდრე გზირიშვილიც იღებს და საბჭომ მასთან გასაუბრება გუშინ, 18 მაისს გამართა.

რაც შეეხება ლევან გზირიშვილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად არჩევამდე, 2012-1013 წლებში, ის აჭარის პროკურორი, ხოლო 2004 – 2008 წლებში პარლამენტში კასპის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]