გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადება წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
„სამწუხაროდ, 2008 წლიდან 2020 წლამდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრით, მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი. 2008 წლიდან ამას ერქვა შუასაუკუნეებრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი.
ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ყველასთვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან ხარაჩოებზე ბოდიალი კიდევ უფრო აზიანებს იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, კულტურის სამინისტრომ იუნესკოსგან უმოკლეს დროში მოიპოვა თანხმობა და ივნისში საქართველოში იტალიელი ექსპერტი ჩამოვა.
„ჩვენ ივნისში შევძლებთ მასთან ერთად ვნახოთ სახურავი, რომლის გაუმართაობის პირველი და პირდაპირი შედეგი არის სწორედ ფრესკების დაზიანება, დავუსვათ სწორი დიაგნოზი.
მთავარია, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ უხდება ამ ძეგლს, უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი აღარ ჩადის, თუმცა წარსულში ჩასული წყლის გამო, რა თქმა უნდა, ტენიანობა არის ტაძარში.
მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის. ყველას ვთხოვ, თავი შეიკავეთ ხარაჩოებზე სიარულისგან, რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია არაპროფესიონალების მიერ ხარაჩოებზე ამგვარმა მოძრაობამ კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები. ამიტომ, სააგენტომ გუშინ მოითხოვა და ჩვენ მივეცით თანხმობა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრი გამოეხმაურა კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ გელათის მონასტერში ფრესკები წებოვანი ლენტებით (ე.წ. სკოჩი) არის დამაგრებული. თეა წულუკიანის თქმით, ეს სპეციალური მასალაა.
„მესმის, რომ ბატონი ნიკა გვარამია არაკვალიფიციურია ჩემსავით, მაგრამ მე როდესაც არ ვიცი, ვეკითხები სპეციალისტს. ის არავის არაფერს ეკითხება და მას მოეჩვენა, რომ ეს არის „სკოჩი“. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის „სკოჩი“. ეს არის სპეციალური მასალა იმიტომ, რომ ფრესკა 2008 წლიდან იყო ექსპერიმენტების მსხვერპლი, მისი ზოგიერთი ნაწილი დღეს არის მძიმე დღეში. თურმე, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს სპეციალური მასალა გამოიყენება იმისთვის, რომ როდესაც გამომარილებისა და გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს, ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს და არ მოწყდეს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თორნიკე ბარათაშვილმა 19 მაისს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ტაძრის უნიკალური მხატვრობის განადგურებას ასახავს. გავრცელებულ ინფორმაციას კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც გამოეხმაურა. სააგენტოს განცხადებით, ვითარების ადგილზე გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ის მასა, რაც ვიდეომასალაში ჩანს, უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე 18 მაისს, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი.