weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დავაკმაყოფილებთ შუქრუთელების მოთხოვნას, თუ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს – კომპანია

19:24 ხუთშაბათი, 20 მაისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

„ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მანგანუმს მოიპოვებს, მზად არის, გარკვეული პირობით, დააკმაყოფილოს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა და სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩართოს. ამის შესახებ განცხადება „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს გაავრცელა.

„შპს „შუქრუთი +“ მზად არის, სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება“, – აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი“.

კომპანია უარყოფს, რომ „შუქრუთი +“ აზიანებს სოფლის მოსახლეობას და ზარალს არ ანაზღაურებს. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, კომპანია კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, რაც დღეისთვის, ჯამურად, 2 მილიონ ლარამდეა. 

„კვლავ ძალაშია შეთავაზება გაფიცულებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომელსაც სოფელ შუქრუთის მოსახლეობა, გარდა ამ რამდენიმე ოჯახისა სრულად უერთდება. შეთანხმების შემთხვევაში გაფიცულები კომპანიის მხრიდან კომპენსაციას კონკრეტულ ვადებში, გეგმის მიხედვით მიიღებენ.

აქვე განვმარტავთ, რომ ასანაზღაურებელი ზიანის თანხის ოდენობა შეფასებულია კერძო აუდიტორის მიერ ამ მოსახლეობის კუთვნილი მთელი ქონების საბაზრო, სარეალიზაციო ღირებულებაზე გაცილებით მეტად და ეს იმ გარემოებაში, როდესაც მთელი ქონება კვლავ რჩება სოფლის მოსახლეს.

„შუქრუთი +“ დამოუკიდებლად ეწევა ბიზნეს საქმიანობას. მიუხედავად ამისა, ჩვენი კომპანია ახდენს მიმდინარე სამუშაოების მუდმივ მონიტორინგს და ინფორმირებულია ყველა არსებულ პრობლემატურ საკითხზე. შპს „შუქრუთი +“-ის მხრიდან მოსახლეობისადმი მიყენებული ან მოსალოდნელი ზიანის თაობაზე 2019 წლიდან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია სოფელთან, რის შემდგომაც შედგა შეთანხმება, გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერს სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და მათივე მოთხოვნით მოწვეულ იქნა კონკრეტული დამოუკიდებელი შემფასებელი პირი, რომელიც ახდენს მოსახლეობის თანმიმდევრულ შეფასებასა და დასკვნების წარდგენას მათზე. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, გაფორმებული მემორანდუმის მიუხედავად, შეფასების შედეგებს არ დაეთანხმა და მიმართა საპროტესტო აქციებს. მათი მოთხოვნა არის შეფასება მოხდეს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ, მაგრამ თავად არ მიმართეს ამ ქმედებას“, – აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი“.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ კოროხნალის მაღაროსთან მე-10 დღეა სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები შიმშილობენ. ხუთ ადამიანს პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. სოფელ შუქრუთში სახლები ნახევრად ან სრულად დანგრეულია, ეზოებში თვალუწვდენელი ღრმულები გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, მათი სოფლის ქვეშ „ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმს მოიპოვებს. აქციის მონაწილეები, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხრიდან ყურადღებას ითხოვენ.

 

ამ თემაზე:

სახლი წყნეთში თუ არ მოუვიდათ, ისე შუქრუთიდან წასვლა არ უნდათ - კომპანია აქციის მონაწილეებზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]