weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარელი მეზღვაურები აცხადებენ, რომ თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ

18:45 პარასკევი, 21 მაისი 2021

ბათუმში, პოლიციის განყოფილებაში, მეორე დღეა მიმდინარეობს იმ მეზღვაურების დაკითხვა, რომლებიც აცხადებენ, რომ თურქული კომპანია „ბეშიქთაშ გრუპის “ წარმომადგენლისა და ქართველი თარჯიმნების მხრიდან თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ.

დაზარალებულების ოჯახის წევრების თქმით, გემზე დასაქმების სანაცვლოდ, ქართველი თარჯიმნების შუამავლობით, თურქ დამსაქმებელს 500-700 დოლარი გადაუხადეს, თუმცა გუშინ, როდესაც მეზღვაურები თურქეთში უნდა გადასულიყვნენ, მათთან შესახვედრად სარფის საბაჟოზე არავინ მივიდა.

გუშინ, მეზღვაურების ახლობლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ თარჯიმანს, ცისანა ხარაბაძეს, რაზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

„მოკლედ გვითხრეს [თარჯიმნებმა], რომ თურქი წავიდა, გაქრა და ეძებდნენ. ისინი გვაძლევდნენ იმის პირობას, რომ თუ ეს თანხა დაიკარგებოდა, ისინი აანაზღაურებდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთი მეზღვაურის მეუღლემ, მარიამ გოგუამ აჭარის ტელევიზიასთან.

დაზარალებულები თანხის უკან დაბრუნებას და თურქეთის მოქალაქესთან ერთად ორივე თარჯიმნის დასჯას ითხოვენ.

თარჯიმანი ცისანა ხარაბაზე ამბობს, რომ თავადაც დაზარალებულია, რადგან თურქეთის მოქალაქეს ორი ნათესავი მამაკაცის გემზე დასაქმების სანაცვლოდ 500-500 დოლარი მისცა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ მეზღვაურებმა დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააგენტოში უნდა გადაამოწმონ.

„არაერთხელ გაგვივრცელებია ინფორმაცია მსგავსი ტიპის სქემებთან დაკავშირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, რაც გუშინ მოხდა, მეზღვაურებისგან ჩვენი ინფორმირება არ მომხდარა. ერთადერთი იყო ზარი, რომელიც შემოვიდა და იკითხეს, თუ იყო გადმოგზავნილი კომპანიისგან ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვითხოვთ. სამწუხაროდ, დავუდასტურეთ, რომ ჩვენთან მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ ყოფილა“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

იოსელიანი მეზღვაურებს მოუწოდებს, ისარგებლონ უფასო იურიდიული კონსულტაციით, რომელსაც მათ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სთავაზობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]