weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

როგორ აფასებს აშშ-ის ელჩი პოსტსაარჩევნო პროცესებს, ნამოხვანის პროტესტს - ინტერვიუ

17:37 შაბათი, 22 მაისი 2021

როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს 2021 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომლის შედეგებზეცაა დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? როგორ აფასებს აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ მიერ ერთი თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, როცა პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე შეიტანა ცვლილებები, გაამკაცრა სანქციები, რაც საფრთხეს უქმნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას? რას ფიქრობს ელჩი ნამახვანჰესის წინააღმდეგ ხანგრძლივ, ხალხმრავალ პროტესტზე, რომელსაც მთავრობა საპოლიციო ძალებით უპირისპირდება - გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან. 

- აშშ-ისა და ევროკავშირის მცდელობამ, საქართველოში მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ დარჩენილიყო, კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები სათანადოდ ვერ მუშაობენ. როგორ შეაფასებთ პოსტსაარჩევნო პროცესებს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შეთავაზებული დოკუმენტით შეთანხმებული საკითხების შესრულებას, რომელშიც თქვენც იყავით ჩართული? ვხედავთ, რომ რამდენიმე პარტია უარს ამბობს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. რას ურჩევთ და ეტყვით მათ? 

- მიმაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, მაგრამ თუ გასულ ზაფხულს დავუბრუნდებით და მათ შორის, შესწორებებს კონსტიტუციაში, საარჩევნო რეფორმა რომელიც მიღებულ იქნა მაშინ, მოდი ასე ვთქვათ - ეს იყო ნახევარი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შედეგი გამოიღო, პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული და უფრო მეტი ქალი ყოფილიყო პარლამენტში. ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, როდესაც ეს შედეგი ვიხილეთ. 

თუმცა, ქართველები იმედგაცრუებულები იყვნენ, რასაც თვეების განმავლობაში პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა. დღეს ვხედავთ, რომ დეპუტატები არიან პარლამენტში და პარლამენტი მრავალპარტიულია. დეპუტატები იმუშავებენ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა, ეკონომიკური აღდგენის საკითხები, კოვიდი. ეს ის საკითხებია, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აინტერესებს და სურთ იხილონ, რომ ამაზე მუშაობს მათ მიერ არჩეული 9 პარტია პარლამენტში. 

ჩვენ ვხედავთ პროგრესს. ეს არის პოზიტიური ცვლილება, გასული ზაფხულიდან დღემდე, რათა მივიღოთ გაუმჯობესებული საარჩევნო პროცესი მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. 

- ადგილობრივი თვითმმართველობის წლევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მის შედეგებზეა დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მომავალ წელს. არსებული რეალობის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მთავარ პოლიტიკურ არჩევნებად მიიჩნევა, არის მოლოდინი, რომ წინასაარჩევნო გარემო კიდევ უფრო რთული იქნება, რაც ახლავე ქმნის განცდას მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია იგივეა, სასამართლოსაც იგივე ჯგუფი მართავს, როგორ ხედავთ საარჩევნო გარემოს იმგვარად გაუმჯობესებას, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისი ავიცილოთ თავიდან?

- მართალი ხართ, როცა უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ადგილობრივ არჩევნებს, ვიდრე ჩვეულებრივ არჩევნებს. ზოგიერთმა თქვა, რომ ეს არის პოზიტიური პროცესი, ვინაიდან ამან შეიძლება უფრო მეტად წამახალისებელი ეფექტი იქონიოს ამომრჩევლებზე, მეტად გამოიყვანოს არჩევნებზე ხალხი, ვიდრე ჩვეულებრივ მივიდოდნენ.

ჩემი აზრით, ადამიანებს ამ შემთხვევაში აქვთ უშუალო კონტაქტი პოლიტიკოსებთან და ეს ხდება ადგილებზე, რადგან ლოკალურ დონეზე ჩართულობა უფრო მაღალია. საკუთარი წარმომადგენლის არჩევა, ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი დემოკრატიის. 

თქვენი კითხვა გამართლებულია - კონკურენციის პერიოდი იქნება საკმაოდ ინტენსიური. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების პროცესმა უზრუნველყოს უფრო მეტად დაბალანსებული, ობიექტური და მიუკერძოებელი პროცესი. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მოლაპარაკებები არ დაწყებულა დღეს, საპარლამენტო არჩევნების დასრულების დღიდან პარტიები ჩაერთნენ საუბრებში იმის შესახებ, როგორ უნდა გაუმჯობესდეს არჩევნებისათვის მოსამზადებელი პერიოდი. სწორედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოიშვა განსხვავებები. უკვე 7 თვეა საუბრობენ, ატარებენ მოლაპარაკებებს - როგორ უნდა იმუშაოს უკეთ საარჩევნო კოდექსმა, როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი რომ არ დააშინონ ამომრჩევლები წინასაარჩევნოდ. ყველა ეს საკითხი ძალიან სერიოზული განხილვის საგანი იყო მხარეებს შორის თვეების მანძილზე და ეს ქმნის საფუძველს, რომ შეიქმნას უკეთესი პირობები ოქტომბრის არჩევნებისთვის და ყველა არჩევნებისთვის, რომელიც შემდგომ ჩატარდება. 

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულმა დავებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მართლმსაჯულების სისტემა ღრმა კრიზისშია, პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებზე სასამართლო დამოუკიდებლად ფაქტობრივად ვერ მუშაობს. ამერიკელი ხალხი, საერთაშორისო ორგანიზაციები, წლების განმავლობაში მნიშვნელოვან რესურსებს გამოყოფენ მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო კლანი უფრო გაძლიერდა. ხელისუფლებამ კვლავ უარი თქვა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის იდეაზე. ამასთან, ხელისუფლება საკუთარ თავსა და საჭიროებებზე ირგებს კანონმდებლობას, ვგულისმობ უკანასკნელ პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მიღებულ ცვლილებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. რატომ დადგა ეს შედეგი და როგორ უნდა შევცვალოთ ის?

- დარწმუნებული ვარ, იხილეთ საელჩოს განცხადება, სადაც გამოვხატეთ ჩვენი წუხილი, დაჩქარებული ფორმით, ამ შესწორებების მიღებასთან დაკავშირებით. 

ჩვენი წუხილის ძირითადი საგანი სწორედ ეს იყო - კონსულტაციების არქონა, არც ოპოზიციასთან, არც სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ნებისმიერი მთავრობის ვალდებულებაა - უზრუნველყოს კანონი, წესრიგი და მეორე მხრივ კი ის თავისუფლებები, რაც არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის.

როგორც ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რის მიხედვითაც გამოწვევები უნდა იყოს განხილული პირველ ივნისამდე. მთავრობამ გარკვეულწილად ზეწოლა იგრძნო, კონსულტაციის გარეშე ამის მიღება არ უნდა მომხდარიყო. 

გვსურს, ნათელი იყოს ჩვენი ხედვა. ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიც ეს შესწორებებია, რომელიც ფუნდამენტურ თავისუფლებებს ეხება, უნდა წარიმართოს ინკლუზიური განხილვების მონაწილეობით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გვყავს ოპოზიცია, პარლამენტის წევრები, რომლებიც კონსტრუქციულ როლს ითამაშებენ პარლამენტში და ვიხილავთ ცვლილებებთან დაკავშირებით უფრო მეტ ინკლუზიურ მიდგომას, რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესს მოემსახურება. 

- საქართველოში ამ დრომდე გამოუძიებელია წლების განმავლობაში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის, ცემისა და ზეწოლის ათობით საქმე. ბოლო პერიოდში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რასაც ხელი შეუწყო ხელისუფლების მიერ კრიტიკული თუ ოპოზიციური მედიის მიმართ სიძულვილის ენის სისტემატურად გამოყენებამ. მნიშვნელოვნად არის გაუარესებული ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე. ფაქტობრივად, საჯარო უწყებების უმეტესობა სრულიად ან ნაწილობრივ დაიხურა.რეგიონებში დამოუკიდებელი მედია ძალიან დასუსტდა. „ვოჩ დოგის“ ფუნქცია დაკარგა ქართულმა მედიამ. თქვენ კარიერა დაიწყეთ როგორც ჟურნალისტმა. რას ფიქრობთ ქართულ მედიაზე და იმ პრობლემებზე, მათი გადაწყვეტის გზებზე, რომელთა წინაშეც ვართ. 

- მედიის თავისუფლება, ის აუცილებლობა, რომ მედიამ ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, ეს არის სრულიად არსებითი, კრიტიკული, მოქმედ დემოკრატიაში. 

მოსახლეობის ინფორმირება - ეს არის მედიის ვალდებულება, თქვენი და თქვენი გუნდის და სხვა მსგავსი გუნდების პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მოიპოვონ და მიიღონ ინფორმაცია. 

მეორე მხრივ, მთავრობის ვალდებულებაა, უზრუნველყოს რომ თქვენ იყოთ დაცული. ეს არის ბირთვი ჯანსაღი დემოკრატიის და სწორედ ეს არის ერთი-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის საელჩო საქართველოში მუშაობს. 

წლების განმავლობაში მილიონობით ლარი დაიხარჯა პროგრამებზე, რითაც საშუალებას ვაძლევთ გამოცემებს, მთავრობას, გაიზარდოს მათი ცნობიერება, ჟურნალისტებს ჰქონდეთ სათანადო უნარ-ჩვევები, რათა შეასრულონ პროფესიული მოვალეობა. აგრეთვე, საზოგადოებამ ანგარიშვალდებულება მოსთხოვოს როგორც მედიას, ასევე არჩეულ ლიდერებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. 

როგორც თქვენ ბრძანეთ, ჟურნალისტი ვარ განათლებით. ვაფასებ, მესმის, რამდენად რთული და გამოწვევებით აღსავსე პროცესია პროფესიონალი ჟურნალისტისთვის იმუშაოს ეთიკური სტანდარტების დაცვით, რაც ბევრს ითხოვს პროფესიონალისგან. აგრეთვე, საკუთარ თავს დაუყენოს ვალდებულება, რომ ამ სტანდარტში იმოქმედოს. 

იმ პერიოდში, რაც საქართველოში ვიმყოფები, უაღრესად პოლიტიზირებული გარემოა, რაც სამწუხაროდ ზეგავლენას ახდენს მედია გამოცემებზეც. 

პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის რთულია ასეთ პირობებში სამუშაოს შესრულება. როგორც ვიცი, ბევრს სურს მაღალ დონეზე შეასრულოს თავისი საქმე, საშუალება მისცეს საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა მიუკერძოებელ ინფორმაციაზე, რომ შემდგომ საზოგადოებამ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეძლოს, რომ არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულება უზრუნველყოს.

ამერიკის საელჩოს მიაჩნია, რომ ეს პრიორიტეტული მნიშვნელობისაა. ჩვენ გვაღელვებს, გვაშფოთებს ეს საკითხი. როდესაც ვიგებთ, ვაქვეყნებთ განცხადებებს. ჩვენ, როგორც დიპლომატები, ვაგრძელებთ მუშაობას, რათა სრულად გამოიძიონ შეტევები და იცოდნენ, რომ ჟურნალისტებმა პროფესიული მოვალეობები უსაფრთხო გარემოში უნდა შეასრულონ. 

- ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რუსეთის მიერ ხორციელდება ბორდერიზაციის პროცესი, ვკარგავთ ტერიტორიებს. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ფაქტობრივად ჰუმანიტარული კრიზისია, რაც კიდევ უფრო გამწვავდა კოვიდ პანდემიის პირობებში. ახალგორის რაიონი სრულად იზოლირებულია. სულ მცირე 17 ადამიანი გარდაიცვალა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის არქონის გამო. რამდენად საკმარისია საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა ჰუმანიტარულ კრიზისში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, ცხინვალსა და აფხაზეთში პატიმრობაში მყოფ პირთა უფლებების დასაცავად. რისი გაკეთება შეიძლება, რასაც ვერ ვაკეთებთ?

- ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა და გამოწვევაა, რომელშიც საქართველო იმყოფება. საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში. ჩვენ დამკვირვებლები ვართ, ვმუშაობთ, რომ ყურადღება გამახვილდეს რუსეთის მიერ 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. მუდამ ვაქვეყნებთ განცხადებებს, კომენტარებს ვაკეთებთ, როდესაც ვიგებთ დაკავებების შესახებ, როდესაც ვხედავთ ბორდერიზაციის შემდგომ ნაბიჯებს და ეს დიდ შეშფოთებას იწვევს. 

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დაკვირვების ქვეშ იყოს ეს საკითხი, რათა პროცესი არ წარიმართოს ჩუმად, ასე ვთქვათ შუაღამისას, საზოგადოების მეთვალყურეობის გარეშე, რადგან გამყოფი ხაზის ორივე მხარეს საქართველოს ბევრ მოქალაქეზე ახდენს გავლენას ცხინვალსა და აფხაზეთში. 

რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში ვიყავი. შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა ადამიანებთან, ვისაც მეგობრები, ნათესავები ჰყავთ მდინარის მეორე მხარეს, აქვთ საკუთრება და წვდომა კი არ აქვთ. მათი მოსმენა მართლაც იმედგაცრუებას იწვევს. 

კოვიდმა მათ შესაძლებლობა მისცა სამედიცინო დახმარება მიეღოთ თბილისში, ქუთაისში. მაშინაც, როცა სერიოზული დაავადების შემთხვევები იყო აფხაზეთსა თუ ცხინვალში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადმიანებისთვის გადაიდგა. 

ასევე, სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობა, თხილის გადმოტანა მაგალითად, თბილისსა და ქუთაისში გასაყიდად, გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება სასიცოცხლო ხაზი ადამიანებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. 

ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენარჩუნდეს ხალხთა შორის ურთიერთოებები და კავშირები. გრძელვადიან პერსპექტივაში სასიცოცხლოდ საჭიროა აღდგეს ნდობა ამ თემებთან.

- ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის პერიოდში ცნობილია საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირების რუსეთის ფედერაციაში ფარული და ოფიციალური ექსტრადირების პრაქტიკის არაერთი ფაქტი. ვგულისხმობ, მიკაილ კადიევის, მაგომედ მაგომედოვის და სხვათა საქმეებს. ამას დაემატა 2017 წელს, თბილისიდან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში გატაცების საქმე, რომელშიც მუხთარლის ჩვენებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, გაიტაცეს თბილისის შუაგულიდან და აღმოჩნდა აზერბაიჯანში. როგორია საელჩოს პოზიცია ასეთ საკითხებთან მიმართებაში?

- განსაკუთრებით მუხთარლის ქეისი გახდა ნაწილი ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებისა. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პერიოდის წინ ის დაბრუნდა საქართველოში სწორედ ამ საქმის გამოძიებაში მონაწილეობისათვის. მივესალმებით გამოძიებას და გვსურს, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. გვინდა რომ ეს გამოძიება ბოლომდე იქნას მიყვანილი და დადგინდეს სამართლიანობა. 

- ქალბატონო ელჩო, როდესაც ვსაუბრობთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ვერ გამოვტოვებთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს და ამ აქციების მონაწილეთა მიმართ მთავრობის მიერ კონსტიტუციური უფლებების დარღვევის კასკადს. აქციის მონაწილეებს შეუზღუდეს გადაადგილების, შეკრების, გამოხატვის თავისუფლება, გარემოს დაცვის უფლება. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ერთი წლის წინ მიმართეს სასამართლოს, მაგრამ ამ დრომდე საქმის განხილვაც კი არ დაწყებულა. ხელისუფლებამ მხოლოდ ხალხმრავალი აქციების შემდეგ სცადა აქტივისტებთან მოლაპარაკების იმიტაცია. ეს ხალხი 6 თვეზე მეტია ქუჩაში დგას, ღია ცის ქვეშ. ასეთი მასშტაბური, თვითორგანიზებული აქციები სულ მცირე ბოლო 10 წელში საქართველოში არ ყოფილა. თუ ადევნებთ თვალს, მითუფრო, მსგავსი გაუმჭვირვალე საქმეები საქართველოს სხვა რეგიონებშიცაა, მთავრობა ყველგან საპოლიციო ძალებით ცდილობს მოქალაქეთა პროტესტს დაუპირისპირდეს. 

- საქართველოს მოქალაქეები ამ სიტუაციაზე რეაგირებით, ცდილობენ, გამოხატონ თავისი წუხილი, რათა მიიქციონ მთავრობის ყურადღება. ეს არის მშვიდობიანი პროტესტის დანიშნულება - იმის უზრუნველყოფა, რომ მთავრობამ გაიგოს მოსახლეობის შეშფოთება და შემდეგ იქონიოს რეაგირება.

დიახ, მე ვადევნებ თვალს ამ პროცესს. ვხედავ, რომ სამინისტროების წარმომადგენლები ხვდებიან პროტესტის მონაწილეებს, საუბრობენ. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - შეჩერდა მშენებლობა იმისათვის, რომ მოხდეს კონტრაქტის სრული განხილვა, საზოგადოებამ გამჭვირვალედ დაინახოს და განსაზღვროს - იყო თუ არა კონტრაქტი სამართლიანად დადებული. 

ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია ყველასთვის. 

ერთი მხრივ, თემი ხედავს, რომ მათი ხმა ისმის, მთავრობა ისმენს, მეორე მხრივ, მთავრობაც ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია თემთან ჩართულობა, ინფორმაციის მიწოდება თემისთვის, რომელიც მას სჭირდება იმისათვის, რომ გაერკვეს, რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი, იქნება ეს ნამოხვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი თუ სხვა. 

პირველი ნაბიჯი უნდა იყოს თემთან, საზოგადოებასთან ურთიერთობა, კავშირი, რათა დაეხმარონ მათ იმის გარკვევაში, რატომაა მნიშვნელოვანი ესა თუ ის პროექტი. მეორე მხრივ, მოისმინო მათი კითხვები, შემდეგ კი უპასუხო მათ.

ეს ყველაფერი შემდეგ გარდაისახება გეგმაში, რომელსაც მხარდაჭერა ექნება. ეს პროცესი რთულია, მაგრამ ეტაპობრივად იგი თემს მეტ შესაძლებლობას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს პროექტზე, გაუჩნდეთ მეტი რწმენა, რომ პროექტი გახდება ისეთი, რომელსაც მხარს დაუჭერენ. 

საქართველოს სჭირდება ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება. საქართველო დამოკიდებულია რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე. ჩვენ ვხედავთ, რუსეთს შეუძლია ეს გამოიყენოს ინსტრუმენტად პოლიტიკური მიზნებისთვის. მთავრობა უნდა ფოკუსირდეს, რათა უზრუნველყოს საქართველოს ენერგომომარაგების უსაფრთხო წყარო და მეორე მხრივ, მთავრობის დაბალანსებული, სრულიად ლეგიტიმური ინტერესია - ადამიანებმა თვისუფლად გამოხატონ პროტესტი, თავისი შეშფოთება და თავის მხრივ უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება. ჩემთვის, მიუხედავად ამ რთული პროცესისა, გამოწვევებისა, ეს არის თემისა და მთავრობის ერთად მუშაობის დაწყების ნიშანი, როდესაც ისინი სწავლობენ ერთობლივად იმუშაონ ასეთ მნიშვნელოვან პროცესებზე. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]