weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ ხელისუფლებას არ ექნება ადეკვატური რეაქცია, პროტესტი არ ჩაცხრება – გოლეთიანი

10:12 ორშაბათი, 24 მაისი 2021

„მოვუწოდებთ, განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ შემოგვიერთდნენ დილიდან იმისთვის, რომ დაველოდოთ პასუხს და ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რამდენად აპირებენ, რომ შესრულდეს ჩვენს მიერ გუშინ დაყენებული მოთხოვნები. არ შესრულების შემთხვევაში, როგორც ვთქვით, გავაკეთებთ მსვლელობებს და სხვადასხვა ადგილის პიკეტირებას მოვახდენთ“, – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა თბილისში გამართული აქციის მეორე დღეს.

გოლეთიანის თქმით, მათი კითხვების ადრესატი არის ხელისუფლება და არა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“.

„ჩვენ კითხვები გვაქვს უშუალოდ ხელისუფლებასთან, რომლებსაც ვსვამთ მთელი ეს 209 დღეა. ამაზე პასუხი ხელისუფლებას არ აქვს და ბუნებრივია, დიალოგის სივრცე რომ ამოიწურა, ამიტომ ვართ აქციის ამ ფორმებზე გადასული. მათ შეეძლოთ, არაერთგზის ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ჯანსაღი დიალოგის ფარგლებში და თანასწორუფლებიან გარემოში მომხდარიყო ჩვენი კომუნიკაცია, თუმცა, ჩვენი საუბრის დაწყებიდან ხუთ წუთში აშკარავდება ხოლმე მათი ვიწრო პირადი ინტერესი და ამიტომ ცალსახაა უკვე, რომ ხელისუფლება არ გეგმავს ჯანსაღ კომუნიკაციას. ეს მთელმა განვლილმა პერიოდმა აჩვენა.

უკვე ნახევარი წელი გავიდა და მოლოდინებით არ ვცხოვრობთ, რადგან ვიცით, რა საქმეს ვაკეთებთ; ვიცით, რომ არგუმენტირებული და სამართლიანი ბრძოლაა ის, რაშიც ახლა ჩართულია საზოგადოება და მივყვებით ამ პროცესს. დანარჩენზე იჯავროს ხელისუფლებამ - თუ არ ექნება ამ ყველაფერზე ადეკვატური რეაქცია, ეს პროტესტი არ ჩაცხრება და არ განიმუხტება, როგორც თვითონ ჰგონია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, გუშინ გაიმართა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს და პროტესტის 209-ე ღამე იქ გაათენეს. ისინი დღეს, 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მოთხოვნებს, აქციის მოთხოვნებია: კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]