weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კუჭავამ გოლეთიანს შეხვედრა და პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნა შესთავაზა

16:18 ორშაბათი, 24 მაისი 2021

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის აქციის მონაწილეებთან შეხვედრის სურვილი აქვს, რათა მოისმინოს, სურთ თუ არა მათ დისკუსიის პროცესში პარლამენტი ჩაერთოს. კუჭავას თქმით, შეხვედრის ის ფორმატი, რომელიც ამისთვის აქციის მონაწილეებმა შესთავაზეს, არაკონსტრუქციულია.

„ჩემი აპარატიდან შეხვედრასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ვარლამ გოლეთიანს. ძალიან მარტივი მიზეზით – გამეცნო და მომესმინა, რამდენად ხედავენ ისინი საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება – ან იქნებოდა შეთანხმება მიღწეული ან არა, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი იქნებოდა საჯარო.

ის ფორმატი, რაც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ არის კონსტრუქციულობის ფორმატში. ფიზიკურად შეუძლებელია, საკითხები განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, ჩვენ ნამდვილად გვქონდა ეს პრაქტიკა, როდესაც მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა ლაივში გადაიცემოდა“, – თქვა კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

კახა კუჭავას ამ განცხადებამდე, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარისგან შეხვედრის შეთავაზება მიიღო.

„ჩვენ ვუთხარით მათ ასეთი რამ: ჩვენ შეგვიძლია, დავიძრათ პარლამენტის მიმართულებით, შემოვუაროთ უკანა მხრიდან, სადაც თუ ექნება პარლამენტის თავმჯდომარეს კომუნიკაციის სურვილი, გამობრძანდეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას, რომ არ იყოს არც შეძახილი. ეს არ გვჭირდება არაფერში. მშვიდობიანად დავდგეთ ყველა ერთად და მოვისმინოთ, რა აქვთ სათქმელი. რისი თქმა უნდა, ეს ჩვენ არ ვიცით, უბრალოდ შეხვედრის მზაობა გამოხატეს.

მეორე, თუ დაგვთანხმდებიან, გამოვლენ გარეთ, გვეტყვიან სათქმელს, უზრუნველვყოფთ მშვიდობიან დახვედრას, თუ არ გამოვლენ, თუ თანახმა ვართ, რომ რამდენიმე ადამიანი შევიდეთ შეხვედრაზე მედიასთან ერთად ჩართული ლაივით, დაველაპარაკებით, დანარჩენები გარეთ იდგნენ და მოისმინონ პოზიცია, რას იტყვის“, – განაცხადა გოლეთიანმა.

კახა კუჭავა ამბობს, რომ „მისი კარები ყოველთვის ღიაა“ და თუ აქციის მონაწილეებს სურვილი ექნებათ, შეუძლია კონსტრუქციული საუბრისთვის შეხვდეს.

„თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით - ლაივით იქნება ეს თუ ტელევიზიით, Facebook-ით თუ სოციალური ქსელებით.

ზოგადად, სამუშაო ჯგუფები ეფექტიანია, როდესაც არის კონსტრუქციულობისთვის საჭირო რაოდენობა, რომელიც დისკუსიის საშუალებას მოგვცემს და არა ათეულობით და ასეულობით ადამიანი. მე დარწმუნებული ვარ, მათ ერთმანეთის მიმართ ნდობა აქვთ და ის ადამიანები, ვისაც წარმოადგენენ, სრულფასოვნად ჩაერთვებიან ამ ფორმატში“, – განაცხადა კუჭავამ.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპროტესტო აქციამ გუშინ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა. აქციის ორგანიზტორის და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დედაქალაქში აქცია გაიმართა იმის გამო, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობა აღარ არსებობს.

აქციის მოთხოვნებია: კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და პროტესტის 209-ე ღამე იქ გაათენეს. მათ დღეს, 12:00 საათამდე მისცეს ხელისუფლებას ვადა მათი მოთხოვნების შესასრულებლად, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მსვლელობების გამართვა და დედაქალაქის პიკეტირება/პარალიზება დააანონსეს.

აქციას დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება მათ მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს მიღმა გადავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]