„22 დღის განმავლობაში ველოდებოდით მეპატრონეს. მეპატრონემ თურქეთიდან ჩამოიყვანა მშრომელები, ჩაგვანაცვლა ჩვენ. ველოდით, რომ მოლაპარაკებაზე წამოვიდოდა. იმის ნაცვლად, რომ დალაპარაკების მცდელობა ჰქონოდა, დილით მძღოლის ნაცვლად დაჯდა ტრაილერზე და თვითონ აპირებდა მის გაყვანას. გადავუდექით წინ და ჭიშკარი არ გავაღებინეთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა, პაატა კეკელიძემ.
შპს „გურია-ექსპრესში“ („გულისტანი“) დასაქმებული მუშები 22-ე დღეა გაფიცულები არიან. ისინი სამუშაო პირობებს და დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ. გაფიცულების მოთხოვნა ხელფასის 150 ლარით გაზრდაა, რასაც დამსაქმებელი არ თანხმდება.
„გურია-ექსპრესის“ იურისტმა, აკაკი თოიძემ განმარტა, რომ გაფიცვა არაკანონიერია, გაფიცულებს კი კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან არაერთხელ ეთქვათ უარი ხელფასის მატებაზე.
„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, შეზღუდულია რეალიზაციაც, ფასები მომატებულია და ა.შ. შემოსავლები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ეტაპზე ხელფასები იყოს გაზრდილი. რაც შეეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, პირველივე დღიდან იქნა გაცხადებული, რომ თუკი რაიმე ხარვეზი არსებობს, უნდა დაუყოვნებლივ მოგვარდეს“, – განაცხადა იურისტმა.
კომპანიამ სასამართლოს მიმართა და გაფიცვის უკანონოდ ცნობა მოითხოვა.
„თუ სასამართლომ გაფიცვა უკანონოდ აღიარა, ამის შემდეგ ადმინისტრაცია გადაწყვეტს, როგორ იმოქმედოს“, – განმარტა აკაკი თოიძემ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლის, ირაკლი მხეიძის თქმით, გაფიცულებს სამართლებრივ მხარდაჭერას გაუწევენ. მას მიაჩნია, რომ დასაქმებულების პროტესტი სამართლიანია.
„აქ ორი ტიპის პრობლემაა: პირველი, ეს არის შრომის კოდექსის და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის დარღვევა და ასევე, მიზერული ანაზღაურება. თანამშრომელთა ხელფასი უკვე ოთხი წელია არ შეცვლილა, მაშინ, როდესაც ფქვილის, იმ პროდუქციის ფასი იზრდება, რომელსაც ქარხანა აწარმოებს. რა თქმა უნდა, კომპანიას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, თუმცა რამდენად კანონიერია პროტესტი, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და ბოლოს სიტყვა მას ეკუთვნის. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გაფიცულ თანამშრომლებს მარტო არ დატოვებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სიმართლე დავამტკიცოთ“, – აცხადებს ირაკლი მხეიძე.
შპს „გურია-ექსპრესის“ 100%-იანი წილის მმართველი თურქეთის მოქალაქე ისმაილ ბოლუკბაშია, კომპანიის დირექტორი კი, ასევე თურქეთის მოქალაქე – ფატიჰ იშიკი. კომპანია საქართველოში 2004 წელს დარეგისტრირდა.