weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

მივმართავ პრემიერს, ჩადით და დაელაპარაკეთ ამ ხალხს – ვაშაძე ჭიათურის პროტესტზე

13:11 სამშაბათი, 25 მაისი 2021

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამოსვლისას ქართული ოცნების დეპუტატები გააკრიტიკა იმის გამო, რომ არ დაინტერესდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტით.

შუქრუთის მცხოვრებლებმა პირი 14 დღის წინ ამოიკერეს და შიმშილობა გამოაცხადეს. პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით, ისინი მთავრობის ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

„ხალხი ითხოვს შველას თავისი ხელისუფლებისგან, მაგრამ ჯერჯერობით არავინ ჩავიდა ამ ხალხთან და არავინ ესაუბრება მათ. გუშინ კიდევ სამმა ქალბატონმა ამოიკერა პირი. მარტივ რაღაცას ითხოვს ეს ხალხი – თავზე ენგრევათ სახლები, სახელმწიფო მართავს კორპორაციას ჭიათურაში – „ჯორჯიან მანგანეზს“ და არანაირი ყურადღება ამ ადამიანებთან მიმართებაში არ არის.

მეგოგბრებო, ეს არის ის ფაქტი, როდესაც თქვენ სრულიად მოშორებული ხართ იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ხალხი მშიერია, სახლები თავზე ენგრევა და თქვენთან დაკავშრებული ადამიანები მდიდრდებიან მათ ხარჯზე.

დიახ, ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის ყოველწლიურად ჭიათურიდან, მაგრამ ჭიათურა განადგურებულია, გეგონება მეორე მსოფლიო ომი იყო და დაბომბეს. თქვენ ეტყობა იქ არ ჩადიხართ და ამიტომ სურათები წამოგიღეთ. ერთი კაპიკი არ იხარჯება იმისთვის, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების რეკრეაცია.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს მარტო ჭიათურაში კი არ ხდება, იგივე ხდება ბოლნისში, საიდანაც ასობით მილიონი დოლარის მადანი, ოქრო გადის და არანაირი ყურადღება არ არის იმ დაბინძურებულ მდინარეებზე.

გუშინ ვუყურებდი კომიტეტის სხდომებს, სადაც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე იყავით, შეხუმრებულები, რაღაც ცინდრიკი იყო. თქვენ შეიძლება კარგად ხართ იმიტომ, რომ უზრუნველყოფილი ხართ, მაგრამ ხალხს შია, მეგობრებო.

ხალხს, იმის გამო, რომ თქვენ არანაირ ყურადღებას არ აქცევთ, ძარცვავენ ყოველ დღე“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი არის ის ორგანო, რომელმაც პასუხი უნდა მოსთხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი თანამდებობების პირებს, რატომ არ აქცევენ შუქრუთის მცხოვრებლებს ყურადღებას.

„პარლამენტი არის ორგანო, რომელმაც ხალხის ინტერესი უნდა დაიცვას და არა ის, რომ წილებში ჩაუჯდეთ იმ უზარმაზარ კომპანიებს და სარგებელი მიიღოთ.

ეს არის რეალობა დღეს ქვეყანაში. ამას ვერ უარყოფთ იმიტომ, რომ ხალხი მშიერია, ხალხი ღარიბდება, თქვენ და თქვენი თანაგუნდელები კი მდიდრდებით. როგორ შეიძლება, რომ ამ რაიონებში ერთი კაპიკი არ იხარჯებოდეს ამ ადამიანებზე?!

როგორ შეიძლება, რომ არცერთ თქვენგანს არ გაუჩნდა სურვილი, რომ ერთი საათით მაინც ჩასულიყავით პირამოკერილ, მოშიმშილე ადამიანებთან და გეკითხათ - რაშია საქმე? იქნებ და მათი უფლებები ირღვევა?! რეაბილიტაციის მმართველი არის თქვენს მიერ დანიშნული და არ დააბრალოთ კერძო კომპანიას, რომ ის აკეთებს ამ ყველაფერს.

თქვენ ეს არ გაინტერესბეთ იმიტომ, რომ თანამდებობრივ ტკბობას ხართ მიცემული და გგონიათ, რომ როგორ დალხენილადაც თქვენ ცხოვრობთ, ისე ცხოვრობს საზოგადოება.

დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიაქციოთ ყურადღება. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს – მარტო ზედაპირული ლაპარაკები კი არა, ჩადით და დაელაპარაკეთ ამ ხალხს. ელემენტარული, ჯანმრთელობის პრობლემაა უკვე. შეიძლება, სავალალოდ დამთავრდეს ეს ფაქტი. ამ ადამიანებს ისე ენგრევათ თავზე სახლი, კაპიკებსაც არ აძლევთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შუქრუთის მცხოვრებლები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“-სგან სამართლიანი კომპენსაციების გადახდას ითხოვენ, რადგან სოფლის ქვეშ მაღაროს მუშაობის გამო, მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ინგრევა. მათი მოთხოვნაა, რომ ზარალი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასოს. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ შეწყდეს პროტესტის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა.

შუქრუთელებმა პირი 11 მაისს ამოიკერეს, რასაც წინ 85-დღიანი უწყვეტი პროტესტი უძღოდა. ამ დრომდე, შუქრუთელების პროტესტს არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ გამოხმაურებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]