ხვალინდელი აქცია თბილისში 16:00 საათზეა დაგეგმილი.
„გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით აბსოლუტურად თავაწეულები და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება სჩადის. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა“, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, ბრძოლის ხაზი რიონის ხეობაში გადის და აქციის მონაწილეები არ აპირებენ, იქ მიმდინარე პროცესებს შეეგუონ.
რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები უკვე შვიდი თვეა ითხოვენ, რომ ჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ხეობა დატოვოს. მათმა საპროტესტო აქციამ თბილისში 23 მაისს გადაინაცვლა.