weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

10:13 ოთხშაბათი, 26 მაისი 2021

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, ეროვნული საბჭოს სახელით, ქართველ ერსა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება ამცნო. ამ დღეს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ შეძლო.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო, მოგვიანებით, კი უზენაესი საბჭოს არჩევნებიც დაენიშნა. არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და პარტიამ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით გაიმარჯვა.

1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი შემდეგი კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის 90.3%-მა. მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს 247 რეკრურტი დადებს და დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრი გახდება. თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5 ადგილზე გაიმართება: სვანეთში - უშბას და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში - პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში - ფარავნის ტბასთან, კახეთში - ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და ქალაქ მცხეთაში.

სამხედრო ფიცის დადების შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მიულოცავენ და სიტყვით მიმართავენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა. ღონისძიების დასასრულს, ანსამბლების „რუსთავისა“ და „ბასიანის“ მიერ „ჩაკრულოს“ შესრულების ფონზე, თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლად მოდერნიზებული „სუ-25“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაიფრენენ და საქართველოს დროშის ფერებში ბოლის გაშვებით მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. თვითმფრინავები გადაიფრენენ ქუთაისისა და ბათუმის ცაზეც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]