weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„ბორჯომის“ თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა

17:02 ოთხშაბათი, 26 მაისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

ბორჯომში, მინერალური წყალი ბორჯომის ჩამომსხმელ N1 და N2 ქარხნებში დასაქმებულმა დაახლოებით 350-მა ადამიანმა გაფიცვა შეწყვიტა. დღეს გაფიცულებსა და კომპანია „აი დი ეს ბორჯომი საქართველოს“ ახალ დირექტორს შორის შეთანხმება შედგა. ქარხნებში მუშაობა ხვალიდან განახლდება. 

შეთანხმების დეტალები პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ საჯაროდ გამოაცხადა. მისი თქმით, დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოახდინოს თანამშრომელთა ხელფასების ზრდა და აანაზღაუროს ზეგანაკვეთური სამუშაო. ამასთან, კომპანია იძლევა გარანტიას, რომ არ გამოიყენებს რაიმე რეპრესიულ ღონისძიებებს გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების მიმართ და შეინარჩუნებს ყველა ამჟამად არსებულ სოციალურ პროექტს.

„კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად ითანამშრომლოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან და დარგობრივ პროფესიულ კავშირთან შრომის პირობების, მათ შორის ღამის საათების დამატებით ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით და რეგულარულ საწყისზე მოახდენს ინფორმაციის გაცვლას. მხარეები გააგრძელებენ დიალოგს კოლექტიური შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.

კომპანიის მიერ დასაქმებულებთან ერთად ინდივიდუალურად გადაიხედება 2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ანაზღაურების გაანგარიშების სისწორე და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოხდება მათი გასწორება.

მოხდება ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული პირების ხელფასების გათანაბრება. დასაქმებულებისთვის ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებში მოხდება უფლება-მოვალეობების კონკრეტული აღწერა და ბოლოს, კომპანიის შიგნით ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭებათ უკვე დასაქმებულებს მათი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით“, – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

გადაწყვეტილებას გაფიცული თანამშრომლები ტაშით შეხვდნენ.

„კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ახალ დირექტორს, ბატონ მერაბ ახმეტელს მუშა-მოსამსახურეთა პრობლემებთან მიმართებაში გამოჩენილი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის; იმ დიალოგისთვის, რომელიც ფაქტობრივად აღმოჩნდა ჩატეხილი ხიდის გამამთელებელი. კონფლიქტი აღმოფხვრილია“, – განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა.

„აი დი ეს ბორჯომი საქართველოს“ 350-მდე თანამშრომელი 18 მაისს გაიფიცა, რასაც წინ დამსაქმებელთან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა. გაფიცვის გამო კომპანია იძულებული გახდა, N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნები გაეჩერებინა. 

გაფიცულების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნები იყო: ხელფასის 30%-ით გაზრდა, დანაკლისის ანაზღაურება და შრომის პირობების გაუმჯობესება. თავდაპირველად „აი დი ეს ბორჯომი საქართველო“ უარს აცხადებდა მოლაპარაკებების პროცესში პროფკავშირების ჩართვაზე. კომპანია ირწმუნებოდა, რომ მათი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით აღემატება შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]