weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დღეს აქედან მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღარ ჩამოვალთ – გოლეთიანი

18:20 ოთხშაბათი, 26 მაისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

„ჩვენ დღეს აქედან მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ აღარ ჩამოვალთ და, თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას“, – განაცხადა მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა თბილისი, რესპუბლიკის მოედანზე, აქციის მეოთხე დღეს.

გოლეთიანის თქმით, დღეს რიონის ხეობაში ბრუნდებიან, სადაც „ბრძოლის ხაზია“.

„დედაქალაქმა გაიგო ჩვენ არგუმენტირებული და სამართლიანი პროტეტის შესახებ, მხარდაჭერაც სახეზეა და ახლა მთავარია, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი, რაც უკავშირდება წასვლას ბრძოლის წინა ხაზზე და მორალურ ომში ჩაბმას. ჩვენი ბრძოლის სტრატეგია არის მორალური ომი და ამას დავამკვიდრებთ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ.

210 დღეა, სახლში არ შევსულვართ. რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს, არ შევალთ, ვიდრე არ გადავწყვეტთ ამ პრობლემას ისე, როგორც არის ქართველი ხალხის ნება. ამიტომ, დღეს ჩვენ წავალთ რიონის ხეობაში. ვიცით, რომ იქ ისევ აღიმართა ჯებირი, რომელიც ჩვენ, ქართველებს გვიკეტავს საკუთარ სახლში მისვლის შესაძლებლობას. პირადად მე და ჩემს უკან მყოფი ადამიანები იმ ბარიკადს იქით ვცხოვრობთ და ჩვენთვის შეუძლებელია და შეზღუდულია იქ შესვლა.

კიდევ ერთხელ ვამბობთ, ეს არ არის ახირებული პროტესტი, რომ რაღაც არ გაკეთდეს. თუ ვამბობთ, რომ რაღაც არ უნდა აშენდეს, ვამბობთ რატომ არ უნდა აშენდეს.

ის ბარიკადი არის სახე იმ უსამართლობისა, იმ მჩაგვრელი, კოლონიალისტური დამოკიდებულებისა, რაშიც გვიწევს ცხოვრება და როცა ვსვამთ კითხვას „რატომ?“, ვისმენთ, რომ ჩვენ ვართ მართული ძალა და ჩვენი ოკუპანტი მეზობლის აგენტები. ადეკვატურობა დაკარგული აქვთ, დროსა და სივრცეში არიან გაბნეული.

სამწუხარო მოვლენაა, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი სხვისი ბრალი არ არის და ჩვენც, სანამ ამ დიდი ერთობით არ ვეცდებით, რომ ვაკონტროლოთ ეს პროცესი, მანამ მოგვიწევს ამ უპასუხისმგებლო ხელისუფლებების ქვეშ არსებობა, რომლებიც ქმნიან მჩაგვრელ პოლიტიკას“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მან მოქალაქეებს გაერთიანებისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მივიდვართ ბრძოლის წინა ხაზზე და ვიდგებით იქ, ვიდრე ეს პრობლემა არ გადაწყდება. მთელი საზოგადოება, ვინც დღეს არ იცის, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში მართლები ვართ და შეიძლება გარკეულად გახდა კიდეც მსხვერპლი იმ სპეკულაციების, რასაც ისმენენ სოციალური და სატელევიზიო მედიიდან, ისინიც კი გაიგებენ იმას, რომ ჩვენ ვართ მართლები ამ ბრძოლაში.

ჩვენ არ ვართ უბრალო მოსახლეობა, რომელმაც დავიწყეთ პროტესტი და ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე და გულწრფელობის ხარჯზე მივაღწიეთ იმას, რასაც ახლა ხედავთ. აქედან ჩანს, რომ პროცესი არის ბუნებრივი, გულწრფელი, სამართლიანი და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს ბრძოლა შუა გზაში მივატოვოთ. ჩვენ ვიქნებით თქვენი სახე იმ ბრძოლის ველზე, წინა ხაზზე და ვიგრძნობთ თქვენს ყოფნას ჩვენს ზურგს უკან. ამიტომ მეგობრებო, გთხოვთ მხარდაჭერას ამ ბრძოლაში და ამ პროტესტში. ეს იქნება ჩვენი უპირველესი სათხოვარი, რომ გვადევნოთ თვალი და თუნდაც გვაკონტროლოთ, რომ არ მოხდეს რაიმე გადაცდომა, მათ შორის, ჩვენგანაც“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მისი მხარდამჭერები რიონის ხეობაში გზის გადაკეტვას აპირებენ, რათა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის  „ენკა რინიუებლზის“ მანქანებმა ვერ შეძლონ მშენებლობის ადგილამდე მისვლა. თავის მხრივ, გზა რკინის ჯებირით აქვს გადაკეტილი პოლიციას და ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებს რიონის ხეობაში არ უშვებს.

რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები ითხოვენ, რომ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]