როგორც „რეგინფოს“ პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჯანო ლაბაძემ უთხრა, მოშიმშილეებს გადასხმები გაუკეთეს, რის შემდეგაც ისევ ფარდულში დაბრუნდნენ და შიმშილობას აგრძელებენ.
„მათი მდგომარეობა ისევ მძიმეა. სუსტად არის ერთ-ერთი მოშიმშილე ქალიც. უშედეგოდ ვითხოვთ, რომ აქ სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყოს გაჩერებული, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ვიღაც ცუდად გახდეს“, – ამბობს ჯანო ლაბაძე.
ამ დროისთვის შუქრუთის რვა მცხოვრებს აქვს პირი ამოკერილი, მათგან სამი ქალია. ჯანო ლაბაძის თქმით, მოშიმშილეების მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა – არც კომპანია, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება. რამდენიმე დღის წინ მათთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა, თუმცა, აქციის მონაწილეებისთვის უცნობია, რა ზომები მიიღეს ამის შემდეგ.
„განცხადებაც ვერ ვნახეთ მათი გავრცელებული“, – აღნიშნა ჯანო ლაბაძემ.
შუქრუთის მცხოვრებლები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“-სგან სამართლიანი კომპენსაციების გადახდას ითხოვენ, რადგან სოფლის ქვეშ მაღაროს მუშაობის გამო, მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ინგრევა. მათი მოთხოვნაა, რომ ზარალი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასოს. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ შეწყდეს პროტესტის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა. შუქრუთელებმა პირი 11 მაისს ამოიკერეს, რასაც წინ 85-დღიანი უწყვეტი პროტესტი უძღოდა.
ნახეთ „მთის ამბების“ რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს - შუქრუთის გოდება