weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ჩვენ არ ვართ „არა ჰესებს“ კამპანია – მარიტა მუსელიანი

16:30 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიტა მუსელიანის განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი არ არის „არა ჰესებს“ კამპანია. მისი თქმით, ენერგოდამოუკიდებლობას მიესალმებიან და ითხოვენ განისაზღვროს, ნამახვანჰესი ამას ემსახურება თუ არა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვართ „არა ჰესებს“ კამპანია, როგორც ხშირად ცდილობენ წარმოგვაჩინონ. ამიტომ არის ერთ-ერთი მოთხოვნა ჩვენს მოთხოვნებს შორის მორატორიუმის გამოცხადება, რათა განისაზღვროს, ჰესი რა სახით და რანაირად უნდა აშენდეს, საერთოდ ჰესების რაოდენობა, ენერგოპოლიტიკა და ამის მერე შეიძლება მსჯელობა ნებისმიერ ხელშეკრულებაზე, იმ დიდი ჩარჩო დოკუმენტის ფარგლებში, რომელიც შემუშავდებოდა, ოღონდ ისეთი კი არა – ფარატინა ფურცელი, რომელიც შეიძლება ცოტა ხნის მერე საიდანღაც მოულოდნელად გამოჩნდეს.

ჩვენი პრეტენზია სწორედ ეს არის – ეს ჰესი ისე დაიგეგმა, ხელშეკრულება ისე გაფორმდა და შემდეგ მთელი პროცესი ისე წარიმართა, რომ ჩვენ არ ვიცით მიზეზი – რატომ გადაწყდა, რომ საერთოდ აგვეშენებინა, გვჭირდებოდა თუ არა, მართლა ენერგოდამოუკიდებლობას უწყობს ხელს თუ არა, მართლა იქნება თუ არა აქედან შემოსავალი“, – აღნიშნა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მუსელიანმა.

მისივე თქმით, ნამახვანჰესზე უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა პროექტის მოწინააღმდეგეებისთვის არ იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი.

„ეს ვერ მისცემს ადამიანებს იმის განცდას, რომ სამართლიანად წარიმართა პროცესი.

99 წლის 45 წლად გადაკეთება არსებით ცვლილებას არ ნიშნავს მთელი რიგი დარღვევების ფონზე. ამიტომ, უმნიშვნელო კორექტირება იმისთვის, რომ მოგვიგდონ ძვალივით, არ გამოვა. ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად კონსტრუქციულად არის შედგენილი და მათი გათვალისწინება ერთმანეთზეა აგებული.

კარგი იქნებოდა საკითხის გადაწყვეტა საზოგადოებრივი კონსენსუსით იმაზე, რა გვჭირდება, რამდენი და რისთვის. ეს არის საჭირო, თორემ ჩვენც მივესალმებით ენერგოდამოუკიდებლობას, ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. უბრალოდ უნდა განისაზღვროს, ეს ჰესი ამას ემსხურება თუ არა“, – აღნიშნა მარიტა მუსელიანმა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები შვიდი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. 23 მაისიდან ისინი თბილისში მართავდნენ საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს, 26 მაისის აქციის შემდეგ კი სოფელ გუმათში დაბრუნდნენ და რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებს. ხეობაში დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეყვანილი ჰყავს წყლის ჭავლის მანქანებიც.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ რიონის ხეობაში შესასვლელი ორივე გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]