weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ კანონდარღვევაზე – შსს გუმათში მიმდინარე მოვლენებზე

22:52 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და სოფელ გუმათში, პოლიციის ბლოკპოსტთან და რკინის ჯებირებთან შეკრებილ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, „დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე“.

შსს-ს განცხადებით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღეს, დაახლოებით 21:30 საათზე, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობაში შესვლა მოითხოვეს, რათა ენახათ, შეჩერებული აქვს თუ არა ნამახვანჰესის მშენებლ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ სამშენებლო სამუშაოები. ხელებაწეულ დემონსტრანტებს პოლიციამ არ მისცა რკინის ბარიკადების გადაკვეთის საშუალება, რასაც მხარეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცველებმა ორი ადამიანი სავარაუდოდ დააკავეს, თუმცა დაკავების შესახებ არაფერია ნათქვამი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რკინის ჯებირებთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები შვიდი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. 23 მაისიდან ისინი თბილისში მართავდნენ საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს, გუშინ, 26 მაისის აქციის შემდეგ კი სოფელ გუმათში დაბრუნდნენ და რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რიონის ხეობაში შესასვლელი ორივე გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი მოთხოვნებია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]