აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებს კანონით განსაზღვრული ჰქონდათ 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აღნიშნული კანონის მიღებასა და ამოქმედებას. აღსანიშნავია, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მან დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა (არ ვრცელდება იმ პირისთვის, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მოთხოვნას); ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მის არასრულწლოვან შვილსაც მიენიჭება. 14 წლის ასაკს მიღწეულ პირს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მისი თანხმობით.
საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოსსაქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.