weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მეუფე სპირიდონმა „რიონის ხეობის მცველი“ მაკა სულაძე გააკრიტიკა

13:10 პარასკევი, 28 მაისი 2021

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ერთ-ერთი დამფუძნებელი მაკა სულაძე გააკრიტიკა იმისთვის, რომ მან თბილისის აქციის მესამე დღეს, საპროტესტო მსვლელობაში ჯვრით მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც სულაძემ განმარტა, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის უხერხულობა არ შეექმნა და სხვებისთვისაც მაგალითი ეჩვენებინა.

მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტის გამო გულისტკივილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ძალიან მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი.

„არ ვიცი ეს რითი მოხდა, უმეცრებით, გაუნათლებლობით თუ ურწმუნოებით, ძალიან მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი, რომ, აი, ჯვრის ძალა იქმნა დაგმობილი და ასეთი რამ ითქვა – სხვებს რომ არ ეწყინოთ, მე ამ სიმბოლოს, ჯვარს აღარ ვატარებო.

ჯვარი სიმბოლო არაა, ჯვარია ძალა ღვთის, გამარჯვების და ძლევის იარაღი. როცა შენ შენი ნებით ამბობ უარს ჯვარზე და იძახი, იმის გამო, რომ ვიღაცას არ ეწყინოს, მე ჯვარს აღარ ვატარებო, შენი ნებით ამბობ გამარჯვებაზე, ძლევაზე უარს და ჯვრის მგმობელების რიგში დგები.

ასეთი გამონათქვამი, თუნდაც ის უნებლიედ იყოს ნათქვამი, აუცილებლად, როგორც საჯაროდ იქნა დაგმობილი ჯვარი, ასევე საჯაროდ უნდა იქნას შენანებული, თორემ ამის ბოლო არის დამარცხება. ჯვრის მტერი ვერასდროს ვერ გაიხარებს“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა ქადაგების დროს ჰომოფობიური განცხადებებიც გააკეთა და თქვა, რომ „ვინც ჰომოსექსუალებს გამარჯობას ეტყვის, მოზიარეა მათი ცოდვების“.

„თუ გინდათ, შვილებო, რომ ღმერთმა გაპატიოთ, უნდა შეინანოთ ჯვრის გმობა და უნდა შეინანოთ ასეთი მიმღებლური დამოკიდებულება სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ, თუ სახალხოდ არ შეინანებთ, ძალიან ცუდი ფინალი ელის თითოეულ თქვენგანს და თქვენ მომავალს პირადად“, – ამბობს მეუფე სპირიდონი.

მაკა სულაძეს ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციებში ხელში ხშირად უჭირავს ჯვარი. თბილისში, 25 მაისს გამართული მსვლელობის დროს ჯვრის ტარებაზე მის გადაწყვეტილებასა და საჯარო განცხადებას წინ უძღოდა აქციაზე მომხდარი ინციდენტი. 24 მაისს, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი „რიონის ხეობის მცველების“ მხარდასაჭერად მისულ აქტივისტებს – სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აქციის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა. დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ სალომე ბარკერს ეკეთა ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური, რაც ქვიარ ადამიანების სიმბოლოა.

მაკა სულაძემ აქციის მონაწილეებს ერთმანეთის პატივისცემისა და დათმობიკენ მოუწოდა.

„თუკი საზოგადოებაში ჩვენი რაიმე ნიშნით წარდგენა ვინმეს უხერხულობას უქმნის, მოდი, რაიმე შევცვალოთ ჩვენში. აი, მე, დღეს იმ ჯვრით აღარ ვმონაწილეობ მსვლელობაში, რომელიც აქამდე გულით მიტარებია. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ყოველთვის ასე დარჩება. ის, არამარტო ჩემი რწმენის სიმბოლოა, არამედ ჩემი მიწის, ჩემი ცის და ჩემი სულკურთხეული დედის სიმბოლოა, მაგრამ თუკი მე, გვერდით მიდგას სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მან ეს არ იცის, შეიძლება ამით უხერხულობა შევუქმნა.

ამიტომ გადავწყვიტე, რადგან თბილისი მრავალეროვანი ქალაქია და ვიცი, დარწმუნებული ვარ აქ, სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც არიან, რადგან მათთვისაც ისეთი ძვირფასია ქართული მიწა როგორც ჩვენთვის, მე, ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი მას უხერხულობას.

ესაა მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა რომ რაღაც განმასხვავებელი ნიშანი ატაროს და ამით განსხვავებულად წარმოაჩინოს მისი თავი. ძალიან გთხოვთ, ყველამ, ერთმანეთს ვცეთ პატივი, ვისწავლოთ ერთმანეთის შეგუება, ერთმანეთის სიყვარული და ამის შემდეგ გვექნება ისეთი ქვეყანა როგორსაც ჩვენ ვოცნებობთ“, – თქვა მაკა სულაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]