„ვარლამს და მის მეგობრებს ვუთხარი, რომ 88 წლიდან ვხედავ ამ ქუჩის აქციების შედეგებს და სიკეთე არ მოაქვს არავისთვის. ხელისუფლებასთან დიალოგი სწორი გზა იქნება. ვარლამმა პეტიცია შეიტანა პარლამენტში, იყო განხილვა, კომისიამ განიხილა და უთხრეს, რომ ამას ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებს გადასცემდნენ. უნდა ყოფილიყო დიალოგი სპეციალისტებთან. მესმის, ქალბატონი მინისტრი ცოტა არასწორად მოიქცა და დატოვა, უტაქტო იყო ეს, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო და აყარო მაგიდა და არ დაელაპარაკო სპეციალისტებს.
შეიძლება რაღაც მომენტში ააგორონ რაღაცები, მაგრამ მერე იფუშება. სუბიექტურები არიან, მიკერძოებულები არიან. მათ უნდა ჰკითხოთ რატომ არიან. თავიდან კატასტროფაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ რეალურად დღეს ლაპარაკია იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვენი აზრი არის, რომ გადახედვას მოითხოვს“, – განაცხადა მეუფე იოანემ ჟურნალისტებთან.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ქუჩის აქციები ბერკეტია, რომ ხელისუფლება აიძულონ, მათთან კომუნიკაცია დაიწყოს.
„ქუჩის აქციებით ჩვენ უზრუნველვყავით პროცესი, რომ ვინმეს ჩავეთვალეთ მხარედ. ჩვენ, ბუნებრივია, გვერჩივნა დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა და იქ დასაბუთება. რადგან ეს შესაძლებლობა ხელისუფლებამ ჩაშალა, ამ გზით წასვლა მოგვიწია“, – აღნიშნა გოლეთიანმა.
რიონის ხეობაში შვიდი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის პროექტს. გასული წლის ოქტომბერში რამდენიმე ადამიანის მიერ დაწყებული პროტესტის მასშტაბი ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა. პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულა, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალა, იქიდან აყარა და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებს. თებერვალსა და მარტში, ქუთაისის ცენტრში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა.
15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანახმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. 24 აპრილს მთავრობამ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის კაშხალი 9-12 თვის განმავლობაში არ აშენდება, „ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება“. ამასთან, მთავრობამ უარი თქვა ე.წ. ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე, რის გამოც ჰესის მოწინააღმდეგეებმა თბილისში აქციები დააანონსეს.
დედაქალაქში აქციები 23-26 მაისს გაიმართა. რიონის ხეობის შესასვლელთან, სოფელ გუმათში დაბრუნების შემდეგ, დემონსტრანტებმა რიონის ხეობაში ორივე შესასვლელი – ქუთაისის და რაჭის მხრიდან – გადაუკეტეს ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებსა და თანამშრომლებს. გუმათჰესთან გზა გადაკეტილი აქვს პოლიციასაც და შსს-ს ბლოკპოსტი აქვს მოწყობილი. რკინის კედელს იქით ასობით პოლიციელია მობილიზებული.
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამბობენ, რიონის ხეობაში შესასვლელი ორივე გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი მოთხოვნებია: „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.