weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ე.წ. მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს“ – „ენკა“ შსს-ს რეაგირებას ითხოვს

22:36 კვირა, 30 მაისი 2021

„გზების გადაკეტვა და კომპანიისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას. კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის შესახებაც სრულ ინფორმაციას მივაწვდით ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას“, – აცხადებს ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკა რინიუებლზი“.

კომპანია სოფელ გუმათში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „პროექტის დაწყების დღიდან ყველა თავის მოქმედებას ახორციელებს კანონისა და არსებული ნებართვების ფარგლებში“.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში. ადგილზე მიმდინარეობს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც გულისხმობს მხოლოდ სადერევაციო გვირაბის მშენებლობას“, – აცხადებს კომპანია.

„ენკა რინიუებლზის“ განცხადებით, შეშფოთებული არიან, რომ ნამახვანჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას, მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ.

„იყო მათი სიტყვიერი თუ ფიზიკურ შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. ნამახვანჰესის წინააღმდეგ ე.წ. მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს. კომპანია „ენკას“ აღებული აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას თითოეული თანამშრომელი ნებისმიერი სახის საფრთხისა და პროვოკაციისგან“, – აცხადებს ინვესტორი კომპანია.

მათი შეფასებით, აქტივისტების მიზანია, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს და პოლიციას და „ამით შექმნან დაძაბულობის მუდმივი კერა“.

ამასთან, „ენკა რინიუებლზი“ აცხადებს, რომ „მზად არის საქმიანი დიალოგისთვის ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში, რათა კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული გახდეს“.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მეხუთე დღეა რიონის ხეობაში შესვლას ცდილობენ. 26 მაისს მათ ხეობაში ორივე შესასვლელი – ქუთაისის და რაჭის მხრიდან – გადაუკეტეს „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებსა და თანამშრომლებს. გუმათჰესთან გზა გადაკეტილი აქვს პოლიციასაც და შსს-ს ბლოკპოსტი აქვს მოწყობილი. რკინის კედელს იქით ასობით პოლიციელია მობილიზებული.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამბობენ, რიონის ხეობაში შესასვლელი ორივე გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი მოთხოვნებია: „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]