weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2022

მთავრობის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტრო ყველაზე დახურული უწყებებია – IDFI

18:02 სამშაბათი, 01 ივნისი 2021 hits 278

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა. ორგანიზაციის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა შეფასდა.

IDFI-ის განცხადებით, 2020 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას სულ გაეგზავნა 52 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, საიდანაც 31 უპასუხოდ იქნა დატოვებული, შედეგად მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა მხოლოდ 34% შეადგინა. IDFI-ის შეფასებით, მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუარესდა 2016 წლის შემდეგ.

„2016 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად ზღუდავს ადმინისტრაციის ფინანსების განკარგვასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომელიც გათვალისწინებულია IDFI-ს სტანდარტული შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებით. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთავრობის ადმინისტრაცია 2014 წლის შემდეგ, ვებ-გვერდზე აღარ აქვეყნებს, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პროაქტიულად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელ ფინანსურ ინფორმაციას.

2020 წელს განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის განკარგულებების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. კერძოდ, 2020 წლის 19 მარტის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე განკარგულებების გამოქვეყნება შეწყდა (საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზეც ხელმისაწვდომია 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებების მცირე რაოდენობა), ხოლო IDFI-ის მოთხოვნა, აღნიშნული განკარგულებების მოწოდების შესახებ, უპასუხოდ იქნა დატოვებული. აღნიშნული მოთხოვნის უპასუხოდ დატოვების შემდეგ, IDFI-მ მიმართა შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

2020 წელს იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს სულ გაეგზავნათ 281 მოთხოვნა, საიდანაც 269 მოთხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული.

„იუსტიციის სამინიტროს სისტემაში შემავალი უწყებების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები 0%-დან 12%-მდე მერყეობს. მათ შორის, სამინისტროს დაქვემდებარებულმა 8 სსიპ-მა IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა და შესაბამისად, მათმა შეფასებამ 0%-შეადგინა.

იუსტიციის სამინისტრომ 22 მოთხოვნიდან 20 უპასუხოდ დატოვა, ხოლო დანარჩენ ორ მოთხოვნაზე პასუხი IDFI-ს მიეწოდა წერილების ჩაბარებიდან 194 და 90 დღის შემდეგ. შედეგად, სამინისტროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა მხოლოდ 5.22% შეადგინა.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი გაუარესება თვალშისაცემია 2014 წლიდან, როდესაც წინა წლის 95.6%-იანმა მაჩვენებელმა ყოველწლიურად იწყო კლება და 2014 წელს 48.4%-ს, 2015 წელს – 3.9%-ს, ხოლო 2016 – 0%-ს გაუტოლდა. 2017 წელს გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა და სამინისტროს სისტემის ერთიანი მაჩვენებელი 46.28%-ს გაუტოლდა (ამ წელს უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს მაჩვენებელი 74.9%-მდე გაიზარდა), თუმცა 2018 წელს საშუალო მაჩვენებელი – 5.36%-მდე შემცირდა, 2019 წელს – 7.94% მდე, ხოლო 2020 წელს – 2.17% . 2014 წლის შემდეგ იუსტიციის სამინიტროს სისტემაში შემავალ უწყებებში სულ გაიგზავნა 2209 მოთხოვნა, საიდანაც 1778 მოთხოვნა (80%) უპასუხოდ იქნა დატოვებული.

ამ მონაცემების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო და მისი დაქვემდებარებული უწყებები განსაკუთრებულ უარყოფით როლს თამაშობენ საქართველოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელში.

ბოლო წლებში, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხზე გავლენა ვერ მოახდინა ვერც IDFI-ის მიერ მათ წინააღმდეგ წარმოებულმა სასამართლო დავებმა, რომლებიც მთელ რიგ შემთხვევებში პრეცედენტული მნიშვნელობის იყო“, – აცხადებს IDFI-ი.

სახელმწიფო ხაზინა იუსტიციის სამინისტროს სისტემასთან ერთად ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა.

IDFI-ის შეფასებით, ქვეყანაში ბოლო წლების უარყოფითი ტენდენციის გაგრძელებას, 2020 წელს მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ. კერძოდ, მთელი რიგი უწყებებისთვის, პანდემიის შედეგად შეცვლილ სამუშაო პირობები (დისტანციური სამუშაო რეჟიმი, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულობა და სხვ.) შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სათანადო უზრუნველყოფის პროცესში. 

„2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით გაცემული პასუხების მაჩვენებელი. 2012 წლის შემდეგ პირველად 2020 წელს ვადის დაცვით გაცემულ პასუხებს აჭარბებდა 10 დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევები“, – აცხადებს IDFI-ი.

2020 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების თანახმად საქართველოს ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის (პარლამენტის აპარატი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია და მოქმედი სამინისტროები) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 98.11%, მიიღო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. ასევე, მაღალი მაჩვენებელი აჩვენა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ – 92.33% და საქართველოს პარლამენტის აპარატმა –92.11%

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]