weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ნამახვანჰესის აქციის მონაწილე დააკავეს

18:44 სამშაბათი, 01 ივნისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილე - 1992 წელს დაბადებული ი. მ. დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.

აქციის მონაწილის დაკავება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებულის დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც „პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა“.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ თემაზე გუშინ განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. მისი თქმით, გუმათში აქციის მონაწილეებმა აგრესია გამოიჩინეს და პოლიციელს ხელი დაარტყეს. გომელაურის განცხადებით, ასეთი რამ მანამდე აქციაზე არ მომხდარა.

„რამდენიმე თვეა, პოლიციელები დგანან იქ და მაქსიმალურად ცდილობენ, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. გუშინ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რაც ძალიან ცუდია და ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს. ამ დრომდე ასეთი რაღაც ნამდვილად არ მომხდარა, მომიტინგეები და აქციის მონაწილეები იცავდნენ დისტანციას, იყვნენ წყნარად. გუშინ, რატომღაც აგრესია გამოხატეს“, – განაცხადა გუშინ, 31 მაისს ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრმა ისიც თქვა, რომ თუ პოლიციაზე ძალადობა მოხდება, მათ ექნებათ კანონიერი უფლება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]