weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვტოვებ იმერეთის პოლიციას და სოლიდარობას ვუცხადებ რიონის ხეობის მცველებს – გამომძიებელი

23:12 სამშაბათი, 01 ივნისი 2021

ზურაბ ხმელიძე, რომელიც ამბობს, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელია, სოლიდარობას უცხადებს ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს. როგორც მან ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რიონის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო სამსახურიდან მიდის.

ზურაბ ხმელიძის თქმით, პოლიციელებს ყოველ დღე უხდებათ უკანონო დავალებების შესრულება.

„ჩემი სახელია ზურაბ ხმელიძე, ვმუშაობ ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. სისტემაში ვარ 9 წელია. მინდა გავაკეთო განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ, რაც ხდება ნამოხვანში.

სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, ქალბატონ მაკა სულაძეს და იქ მდგომ თითოეულ ადამიანს, რომლებსაც უკანონოდ ელახებათ კონსტიტუციური უფლება და არ აქვთ თავიანთ სახლში გადაადგილების საშუალება.

მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ რეალურად იქით, აქვთ სახლები და ჰყავთ შვილები, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების ნებას. ძალიან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზეც, ნამუსზეც, როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა ქვეყნისთვის და შენ, ფორმიანი ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში გევალება საკუთარი მოქალაქეების და მიწის დაცვა, განზე ხარ გამდგარი და პირიქით, ხელს უშლი მათ.

უპირველესი დავალება არის ის, რომ მომიტინგეები არანაირად არ უნდა მოხვდნენ ზღურბლს იქით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, წყვეტს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი და მისი მითითებებით ხდება. იერარქიულად, მას მითითებას მინისტრი აძლევს“, – ამბობს ზურაბ ხმელიძე.

მისივე თქმით, მასსავით ძალიან ბევრი პოლიციელი ფიქრობს:

„ბიჭები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რაც აისახება შემდეგში: ერთი დღე სამსახურში არიან, მეორე დღე ნამოხვანში, მერე ისევ სამსახურში. ყველა არის ზღვარზე, ძალიან ბევრს უნდა სისტემიდან წამოსვლა, მაგრამ ვერ ბედავენ, ბევრის უკან ოჯახია.

ყოველ დღე უკანონო დავალებაა, რასაც ვაკეთებთ რიონის ხეობის გადარჩენისთვის ერთად შეყრილ ადამიანებთან მიმართებაში. დისკრიმინაციული დამოკიდებულება და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა - მხოლოდ ეს კმარა. ხეობაში ხომ არის მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა, დისკრიმინაციულად გამოცალკევებული გყავს ადამიანები, რომლებიც არიან პროტესტის მონაწილეები და მათ არ აქვთ უფლება წავიდნენ თავიანთ სახლში“.

ზურაბ ხმელიძის თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო პოლიცია ღირსება აყრილია.

„სამსახურეობრივად რაც კი მაბარია, ჟეტონი, იარაღი თუ სისხლის სამართლის საქმეები, ყველაფერი არის ჩემს სეიფში. რაც შეეხება პოლიციის მოწმობას, აღნიშნულს გავგზავნი ფოსტის მეშვეობით. გუშინ იყო პოლიციის დღე, გამოსული იყვნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრითა და საქართველოს პრეზიდენტით დამთავრებული. თითოეული მათგანი ხაზს უსვამდა ჩვენი, პოლიციელების ღირსებას, არადა თავად ამ ადამიანებმა გახადეს პოლიცია ღირსება აყრილი და სულში ჩაფურთხებული, ამ ადამიანებმა თავიანთი მოქმედებებით პოლიცია შეაზარეს ხალხს“, – ამბობს ზურაბ ხმელიძე „მთავარ არხთან“.

3 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში პოლიციის ბლოკპოსტი მოაწყო და რიონის ხეობაში შესვლას უკრძალავს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს. 14 აპრილიდან ბლოკპოსტთან რკინის ჯებირებიც არის აღმართული, მის მიღმა კი ასობით პოლიციელია.

26 მაისიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში არიან შეკრებილი და რკინის ჯებირების მიღმა გადასვლას ცდილობენ. პარალელურად, მათ ხეობაში ორივე შესასვლელი – ქუთაისის და რაჭის მხრიდან – გადაკეტილი აქვთ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებისა და თანამშრომლებისთვის. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ რეჟიმში პროტესტს გააგრძელებენ მანამ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]