weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იწვის ბუნება, აშიმშილებენ მუშებს, სცემენ და იჭერენ სტუდენტებს!

17:18 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

ქართულმა ოლიგარქიულმა კაპიტალიზმმა, რომელიც იმთავითვე ადამიანური სახის გარეშე დაიბადა, გუშინ კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა სიღატაკისა და შიმშილისთვის განწირულ მუშებსა და მათ ქომაგზე, გამომსარჩლებელსა და უანგარო დამცველზე - სტუდენტობაზე, პირველ რიგში -აუდიტორია 115-ის წევრებზე!

ათი დღეა თოთხმეტი ადამიანი შიმშილობს, თოთხმეტი გატანჯული რკინიგზელი, რომლებსაც თავიანთი ჭაპან-წყვეტით ოჯახის შენახვა, ბავშვებისთვის განათლების მიცემა ან მათ ჯანმრთლეობაზე ზრუნვა არ შეუძლიათ. ელემენტარულ სამართლიანობას, ბოლოს და ბოლოს, ერთი ბეწო გულმოწყალებას ითხოვენ ისინი: ხელფასის მომატებას, კიდევ: ერთი მოხსნილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენას!

რა გახდა, თქვე დალოცვილებო, რკინიგზის ბატონ-პატრონებო, ერთი ადამიანური ნაბიჯის გადადგმა! ათი დღე საშიმშილოდ როგორ უნდა გაწიროთ ადამიანები, მამები, ოჯახის პატრონები! მათი შვილების ან დედების მდგომარეობა წარმოიდგინეთ ერთი წუთით! ბავშვი უყურებს მწოლიარე, დასუსტებულ, შეურაცხყოფილ მამას! მამა ხომ ყველა ბავშვისთვის განსაკუთრებული იმედი, ავტორიტეტი, მფარველია! შეგიძლიათ იგრძნოთ, რა ტრავმას იღებენ ამ მძიმე ცხოვრებით ისედაც დატანჯული ბავშვები ამ დროს?

ამ უმდიდრესმა სტრუქტურამ - საქართველოს რკინიგზამ - ათი მუშის ელემენტარული მოთხოვნები ვერ უნდა დააკმაყოფილოს?!

რა ქნან ამ მუშებმა? გაიგეთ, რომ მაგ ხელფასებით ცხოვრება შეუძლებელია!

შეადარეთ თქვენი შემოსავალი მათსას, თქვენი შვილების ცხოვრებისეული პირობები მათი შვილებისას! სულ არ გეუხერხულებათ? სულ აღარ გინდათ ადამიანობა?

როგორც ჩანს, აღარ გინდათ.

წარმომიდგენია როგორ გაგეხარდათ, მოშიმშილეებისა და მათი დამცველების გუშინდელი დარბევა! დიახ, დარბევა, რომელიც თქვენ გამოიწვიეთ! რადგან ადამიანები მაშინ მიმართავენ მძაფრ პროტესტს, იქნება ეს შიმშილობა, კარვების დადგმა თუ სადმე (ამ შემთხვევაში თქვენს საკრალურ სივრცეში) შეჭრა, - როცა სხვა არაფერი ჭრის, როცა „ზემდგომნი“ ძაღლად არ აგდებენ „ქვემდგომთ“, როცა კანონები უკანონობას აკანონებენ და ელიტარული მჩაგვრელების მიერ ხალხისა და ბუნების ძარცვის უფლებას იცავენ! როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს და როგორც ეს არის ახლაც, ოღონდ ცოცხებისა და ტყვიების გარეშე.

ამდენი ხანი არ უნდა დალაპარაკებოდით მოშიმშილეებს?

დიახ, გუშინ კიდევ ერთხელ აღმართა ხელი „ძალოვანმა სტრუქტურამ“ ხალხზე! მისუსტებულ მოშიმშილე მუშებსა და მათ დამცველ სტუდენტებზე!

ტაში და ვაშა, ჩვენო ლომებო! მართლაც პერვერსიული წყვილის - ნაც-ქოცების აგზნებულო ნაყოფო - ჩვენო ზონდერებო! რა სიჩაუქე, რა მკლავთა ტრიალი, რა მუშტების ჩაზელვები, რა ხელებისა და კისრის მოგრეხვები! სტუდენტების რა მძლავრად წათრევა - გახოხიალებები ასფალტზე! სუსტი გოგონების რა წარმატებული ჟეჟვა პოლიციის დევგმირთა მიერ! აი, ვინ უნდა გაგვეშვა ხანძართან შესარკინებლად თავიანთ მინისტრთან ერთად, რომელსაც იმ ღვთის რისხვასა და ცეცხლის უწყვეტ მძვინვარებაში სტუდენტთა მიბეგვა-დაპატიმრებით მონდომებია ნერვების დამშვიდება!

ჩვენ კი ხმას არ ვიღებდით მთელი ექვსი დღე, ნერვებდაგლეჯილები ადამიანურ სოლიდარობას ვუცხადებდით ხელისუფლებას, რომელიც თავისი საარაკო მოუმზადებლობითა და დაგვიანებული რეაქციებით გაპირობებულ კატასტროფას ებრძვის ყველასთან ერთად. დაზაფრულ ხალხთან, დამწვარ ხეებთან, ამობუგულ ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად ისინიც გვებრალებოდნენ: ჩვენი ხელისუფალნი. რაღაც ემოციური ერთიანობაც კი გაჩნდა. ისინი კი თურმე ჩვენი მუშებისა და ახალგაზრდების დარბევისა და დაჭერის გეგმას იღებდნენ!

და ყველაფრის თავი და თავი გახლავთ არა „გლობალური დათბობა“ (რომელიც ახლა გაახსენდა „ნაცებივით“ სრულიად ანტიეკოლოგიურ „ქართულ ოცნებას“ ), არამედ ქართული ოლიგარქიულ-მაფიოზური, ველური კაპიტალიზმი, რომელიც არც ადამიანს მიიჩნევს ღირებულებად, არც ერსა და არც ბუნებას. რომლისთვისაც ადამიანი, ქვეყანა, ხალხი, მიწა-წყალი მხოლოდ იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მათი გაყიდვა და შემოსავლის წყაროდ გადაქცევა,  მათი წყალობით საკუთარი ამოუწურავი სურვილების დაკმაყოფილება შეიძლება.

ამიტომ განუწყვეტლივ იჭრება და იწვება ხეები თუ ტყეები იქ, სადაც შემდეგ სახლები თუ სასტუმროები შენდება; ამიტომ აჩანაგებენ პარკებსა და სკვერებს, ამიტომ აკრავენ საცხოვრებელ კორპუსებს ერთმანეთს და ადამიანებს ვერტიკალურ სარკოფაგებში ცხოვრებას უსჯიან, ამიტომ ქრება ერთმანეთის მიყოლებაზე ქართული უბნები და ქუჩები, მინდვრები თუ საძოვრები და იქ გაურკვეველი, ჩაკეტილი, შეუვალი დასახლებები წარმოიქმნება;  ამიტომ იყიდება საქართველოს მდინარეები „უცხო ინვესტორებზე“, ამიტომ შენდება აურაცხელი ჰესი, ამიტომ იძირება წყალში სვანეთი, ამიტომ იწირება აჭარა თუ ლეჩხუმი მეწყრებისა და სტიქიური უბედურებებისათვის (რაზედაც უკვე ლამის 25 წელია ვწერ)...

რაც შეეხება „გლობალურ დათბობას“, ამ უდიდესი განსაცდელის რეალური არსებობა კი არ ამართლებს ხელისუფლებას, არამედ უფრო ამძიმებს მის დანაშაულს: რადგან მას არასოდეს გაუცნობიერებია იგი. და არ დაუჭერია არანაირი თადარიგი სტიქიურ უბედურებათა პროგნოზირებისა თუ ოპერატიული რეაგირებისათვის, რამაც ამხელა მსხვერპლი მოიტანა მდინარე ვერეს ადიდებისას და რაც სხვა, უკომპრომისო და განუწყვეტელი საუბრის თემაა.

აი, ამ ყველაფერს ებრძვიან ეს სტუდენტები და სხვები. იმიტომ ატყდებათ თავს უსამშობლოო ქართული კაპიტალიზმის სიძულვილი.

მე ვაპროტესტებ ამას.

და მთელი არსებით თანავუგრძნობ მუშებს, უდიდეს მადლობას ვუცხადებ გმირ მეხანძრეებსა და ვერტმფრენების პილოტებს, და ყველას,  ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკით იცავს დაუცველს, ებრძვის უსამართლობას და ესარჩლება ჩაგრულს.

ნაირა გელაშვილი, 2017 წ. 25 აგვისტო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]