მეუფე სპირიდონის თქმით, მოსამართლე არასამთავრობო ორგანიზაციების ცილისწამებას დაეყრდნო და არა გამოძიებასა და ფაქტებს.
„მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის სწორი, მაგრამ, სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ იძულებული ვართ, დავემორჩილოთ. არ არის სწორი, რადგან იქ წერია, რომ პანსიონში საშიში მდგომარეობაა ბავშვებისთვის და სასწრაფოდ მოაცილეთ აქაურობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიო.
რას დაეყრდნო მოსამართლე? დაეყრდნო იმ არასამთავრობოების ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომ, თითქოს, აქ რაღაც ცუდი ხდება. იმას, რომ რაღაც ცუდი ხდება, სჭირდება დამტკიცება. მიჩივლეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რამოდენიმე საქმეა აღძრული, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ წლებია გამოძიება მიმდინარეობს, დღეს დასრულებული არ არის, სასამართლო პროცესი არ არის გამართული.
აქედან გამომდინარე, არცერთი ბრალდება... ცილისწამებას ვიტყოდი, რომელსაც ეს არასამთავრობოები აყენებენ, არ არის დამტკიცებული. ამიტომ, ჩემი აზრით, მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება ასეთი გადაწყვეტილება მიეღო“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ პანსიონიდან ბავშვები იმავე მეთოდით გაჰყავთ, რომელსაც „ავადსახსენებელი ფაშიშტები“ მიმართავდნენ.
„აგერ, ბავშვები ცუდად ხდებიან. არ უნდათ აქედან წასვლა, ტირიან. ერთი ცუდად გახდა და წაიყვანეს საავადმყოფოში“, – აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ შეუშვეს. საკვირაო ქადაგების დროს მეუფემ ჰომოფობიური განცხადებებიც გააკეთა და თქვა, რომ „სახალხო დამცველი სახელმწიფოს წელიწადში რამდენჯერმე ულტიმატუმებს უგზავნის, რომ სასწრაფოდ დააკანონოს ერთსქესიანთა ქორწინება“.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ სახალხოდ, ყველას გასაგონად, რომ ასეთი ხალხი არა მარტო პატარა ბავშვებთან, საერთოდ ოჯახში არ არის შესაშვები. ასეთი ხალხი დასაქართველოში არ უნდა იყოს. საქართველო დედა ღვთისმშობლის წილხვედრია, მაცხოვრის სატახტოა და სოდომური ცოდვების ადგილი არ არის“, – განაცხადა მეუფემ.
მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც, მისი თქმით, დაარსების დღიდან პანსიონს ძალიან სერიოზულად, კარგად ეხმარებოდნენ.
5 ივნისს, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელი და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დროებითი განჩინება მიიღო. განჩინებით ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყონ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანა. რაც შეეხება სხვა ბავშვებს, მოსამართლემ მიუთითა, რომ მათთან მიმართებაში PHR-ს არ გააჩნია უფლებამოსილება, წარადგინოს შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე.
მოსარჩელე მხარე, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, მიიჩნევს, რომ განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მართავს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
„სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია“, – აცხადებს საპატრიარქო.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღეს, პანსიონში 47 ბავშვი იმყოფებოდა. მას შემდეგ 20 ბავშვის გამოყვანა მოხდა, რომელთაგან 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა მედიასთან განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს. მისივე თქმით, არასრულწლოვნები ბიოლოგიურ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში არიან გადაყვანილები.