weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ენერგეტიკულ გაერთიანებასაც ის პირობები აქვს, რაზეც ჩვენ უარი გვეთქვა – გოლეთიანი

16:26 ორშაბათი, 07 ივნისი 2021

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან, რომლებიც ნამახვანჰესის პროექტზე მედიაციის პროცესში ჩასართავად საქართველოს მთავრობამ მოიწვია. გოლეთიანის თქმით, მათაც იგივე პირობები აქვთ, რასაც საპროტესტო მოძრაობის ლიდერები აყენებდნენ ორი თვის წინ, მთავრობასთან დიალოგის დაწყების წინაპირობად.

გოლეთიანმა თქვა, რომ შაბათს ევროკავშირის ჩართულობით შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან და ნახავენ, რა პასუხი ექნებათ მთავრობის წარმომადგენლებს.

„ევროკავშირის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ დააყენა ის პირობები, რაც ჩვენ გვქონდა დაყენებული. ჩვენ გვქონდა იმ ადამიანებთან უშუალო კომუნიკაცია. ჩვენც დაგვიკავშირდნენ და ხელისუფლების მხარესაც. თქვეს - ჩვენ გვაქვს შემდეგი პირობები, იმისთვის, რომ დაიწყოს დიალოგი: შეწყდეს რეპრესიები, დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა, აღებულ იქნას ბარიკადები და შეწყდეს ყველა მიმდინარე სამუშაო და ამის შემდეგ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცხადდება, რომ ხელისუფლება არ წამოვიდა კომუნიკაციაზე მათ მიერ დაძახებულ სტრუქტურასთან.

ამიტომ ვერთვებით მედიაციაში და გვაინტერესებს, რა იქნება პასუხი იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ენერგეტიკულ გაერთიანებას აქვს ხელისუფლების მიმართ; შესრულდება თუ არა ის პირობები, რასაც ჩვენ ვაყენებდით თავის დროზე და მათ შესრულებაზე გვეთქვა ცალსახა, მკაფიო უარი.

შაბათს შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებთ, მოვისმენთ, რა ითქმება იქ, შესრულდება თუ არა ეს პირობები. ბუნებრივია, თუ რიონის ხეობიდან გავა პოლიცია და შეწყდება სამუშაოები, ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს, რომ დიალოგის გზით დავამტკიცოთ რატომ არის სისტემური პრობლემების სახე ნამოხვანის ჰესების კასკადი და რატომ არ უნდა აშენდეს ეს ჰესი, რატომ არის ხარვეზები სახელმწიფო ენერგოპოლიტიკაში, რომელიც საბოლოო ჯამში იწვევს ისეთ მანკიერ გამოვლინებებს, როგორიცაა ნამოხვანის ჰესების კასკადი და სხვა პროექტები, რა ცვლილებებია შესატანი ენერგოპოლიტიკაში იმისთვის, რომ ხალხის აზრი იყოს გათვალისწინებული, რათა მომავალში არ მივიღოთ მსგავსი პროექტები. ჩვენ ჩავერთვებით დიალოგის ამ ნაწილში, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, თუ მათი პირობები არ იქნება გათვალისწინებული და შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიას – „ენკა რინიუებლზს“ სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

„გადავკეტეთ ხეობის ყველა შესასვლელი, დღეს ვიმყოფებით „ენკას“ ოფისთან ქუთაისში – ეს არ იყო ჩვენი არჩევანი. ჩვენ გვინდოდა, რომ დიალოგის გზით გადაგვეწყვიტა ყველა ის სისტემური პრობლემა, რომელიც უკავშირდება ნამოხვანის ჰესების კასკადს. ჩვენ ამ სულისკვეთებით ვიყავით განწყობილი, არაერთ შეხვედრაზე ვიყავით მისული – გაიმართა საკომიტეტო მოსმენები, მინისტრები იმყოფებოდნენ ხეობაში, შემდეგ ორჯერ შევხვდით ქუთაისში, მერიის შენობაში.

ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი მხრიდან მცდელობა დააკლდა პროცესს და სადაც კი შესაძლებლობა იყო, არ მივედით; ვერავინ იტყვის, რომ თავიდანვე ავირჩიეთ პროტესტის ის ფორმა, რასაც მივმართავთ დღეს.

პირიქით, მუდმივად ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ნუ შეიყვანდა ჩიხში პროცესს და ნუ წაგვიყვანდა ფართომასშატბიანი აქციების გზით, იმიტომ, რომ ეს ისეთი საკითხებია, რასაც ვერ დავთმობთ და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ, რათა დასრულდეს ხალხის სასარგებლოდ.

ვნახეთ, რომ არ მოხდა გათვალისწინება ჩვენი ძირითადი მოთხოვნის, რომელიც ბოლოს ასე ჩამოყალიბდა, რომ უნდა გასულიყო პოლიცია რიონის ხეობიდან, აღებულიყო ბარიკადები, შეწყვეტილიყო სამუშაოები და თუკი ჰქონდათ უნარი, რომ ჩვენთან დიალოგში შემოსულიყვნენ, ამის შემდეგ დაგვეწყო საუბარი. ვნახეთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ამაზე გვეთქვა ცალსახა უარი. მათ თქვეს, რომ სამუშაოები ვერ შეწყდებოდა და ვხედავთ, რომ, პირდაპირი მნიშვნელობით, ხეობა ინგრევა. ვერ დავუშვებთ, რომ ასე გაგრძელდეს. ჩვენი მოქმედებები ემსახურება ამას და არა იმას, რომ ინვესტორს ვსდიოთ წინ და უკან“, – განაცხადა გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პროცესში მხარეებს შორის შუამავალი ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე იქნება. მასთან ერთად გაერთიანების გარემოს დაცვის ექსპერტი ალექსანდრა ბუჯაროსკა იმუშავებს.

მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენლის ჩართვის გადაწყვეტილება მთავრობამ 24 აპრილს მიიღო. ამავე დღეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს უარი ეთქვათ დიალოგის დასაწყებად დაყენებულ სამ მთავარ პირობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]